პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის მსგავსი პრაქტიკა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის წარდგენილი იყოს.
ამის შესახებ განცხადება მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც დეპუტატები "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.
"როდესაც არაფერი არ გაქვთ სათქმელი, როდესაც კონტექსტუალურ შინაარსში ვერ შემოდიხართ, გასაგებია, რომ კითხვები სხვა ვერ იქნება თუ არა ისევ ის კითხვები, რომელიც პირველ რიგში, პირველ მოსმენასთან არის დაკავშირებული და ზოგადი ხასიათისაა და რაც უკვე გავლილი თემაა.
ეს არის ის მოდელი, რომელიც დამკვიდრებული არის ევროკავშირში და კანდიდატ ქვეყნებში. არსად არ არის მოადგილე, რომელიც რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელია.
ვენეციის კომისიასაც, ეუთო/ოდირთან ერთად თავის დასკვნაში ერთი სიტყვაც კი არ აქვს ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი რაიმე ჭრილში არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან ან კანონმდებლობასთან.
როდესაც ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ცესკო უნდა დაკომპლექტდეს გრძელვადიანად, როდესაც ჩვენ რამდენიმე თვე დაგვრჩა არჩევნებამდე, როდესაც არ გვაქვს არგუმენტირებული პასუხები იმაზე, თუ რატომ უნდა დავუბრუნდეთ ძველ მოდელზე, როდესაც გვაქვს პრაქტიკა, რომლითაც არა თუ 2/3, არამედ 3/5-ის მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია იმ საბოტაჟურ პირობებში, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ახორციელებს პარლამენტში, პასუხისმგებლობის მთლიანი ტვირთი გადადის მმართველ გუნდზე და ზუსტად ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ კანონმდებლობა შეგვეცვალა და როდესაც წამოვიდა დამატებითი რეკომენდაცია კონსესუსის საკითხზე, ზუსტად ამიტომ შემოვიღეთ იმ პლატფორმის გააქტიურება, რომელიც 3/5-ით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. წარმოდგენილი ცვლილებები არის იმ პრაქტიკაზე, საჭიროებებზე, აქტუალობაზე და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული, რომლითაც ცესკო ჩვენ უახლოეს მომავალში უნდა დავაკომპლექტოთ", - აცხადებს გიგი მიქანაძე.