"ეს არის ღია ალიანსი, რომელიც არის "ნაცმოძრაობასა" და სალომე ზურაბიშვილს შორის" - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს მედიასთან, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სალომე ზურაბიშვილისადმი გაკეთებულ მოწოდებას, სადაც სააკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ადგილას სახალხო პლატფორმას "ქუჩაში გაიტანდა".
"სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან". ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ასე, არც ისე, ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს. ეს არის ჩემი პოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასვლა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის რესურსი არ არსებობს.
"ამის რესურსი არ არსებობს. ჩვენ მთავარია, ვუზრუნველვყოთ ქვეყნის სტაბილურობა, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ მოვახერხეთ მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრად უფრო რთულ პერიოდში შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა და ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის მივცემთ სხვა სცენარით ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლებლობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.