16 ნოემბერი 2024,   05:01
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. ახალ მინისტრს თავდაცვის სამინისტროში დახვდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, სარდლები, გენერალური შტაბის დეპარტამენტების უფროსები და სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის, ქვეყნის წინაშე ერთგულებისთვის და თითოეულ ჯარისკაცს თანადგომა აღუთქვა. ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრის მდიდარი პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილება ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, წარმატებით გააგრძელებს უწყების მიერ დასახული გეგმებისა და რეფორმების განხორციელებას. მან ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ქართული ჯარის მიმართ პატივისცემა და თანადგომა გამოხატა თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი განცხადებით, სამინისტროს გუნდის საქმიანობა კვლავაც თავდაცვის უწყების სტრატეგიული მიზნებისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნდობის შედეგად, ირაკლი ჩიქოვანი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრად გუშინ დაინიშნა. იგი 2020-2023 წლებში იყო პარლამენტის მე-10 მოწვევის წევრი ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ასევე ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. ირაკლი ჩიქოვანს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. საჯარო სამსახურში კარიერა დაწყებული აქვს თავდაცვის სამინისტროში და უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. დამთავრებული აქვს ნატოს თავდაცვის კოლეჯი.

დღის ამბები