16 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციაში - როგორი იყო ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო დღე

ახალი პრემიერ-მინისტრი, პირველივე სამუშაო დღეს, ახალ მინისტრთან ერთად თავდაცვის უწყებაში მივიდა. სამინისტროში ძველი ხელმძღვანელი დახვდა. მისალმების შემდეგ, შედგა გაცნობითი შეხვედრა თავდაცვის ძალების მეთაურთან, მის მოადგილეებთან, სარდლებსა და გენშტაბის თანამშრომლებთან. ირაკლი კობახიძემ უწყების თანამშრომლებს ახალი მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი წარუდგინა. პრემიერმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მათი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათთან თანამშრომლობით უწყების გეგმების შესრულება წარმატებით გაგრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა სტრატეგიული მიზნების და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული ,- ამ განაცხადით გადაიბარა ჯუანშერ ბურჭულაძისგან თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელსაც ამ მიმართულებით პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილება აქვს. უწყების ახალ ხელმძღვანელს საჯარო სამსახურში კარიერა სწორედ თავდაცვის სამინისტროში აქვს დაწყებული, სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა, დამთავრებული აქვს ნატოს თავდაცვის კოლეჯიც.

პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგება, სადაც ის პარტნიორებთან მოლაპარაკებებს საქართველო ევროინტეგრაციის საკითხზე გამართავს.

ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი  ოპოზიციის შეფასებით მნიშვნელოვანი გზავნილია, როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკის კუთხით. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილს ამ და სხვა მიმართულებით ირაკლი კობახიძის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს, თუმცა ოპოზიციაში ყველა ერთ აზრზე არ არის.

მმართველი პარტია ირაკლი კობახიძის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. განმარტავენ, რომ მათი ეს განწყობა ახალი პრემიერ-მინისტრის პროფესიონალიზმიდან და მისი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გამომდინარეობს. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ კობახიძე გუნდთან ერთად წარმატებით იმუშავებს იმისთვის, რომ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს.

ირაკლი კობახიძემ მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გამოსცა, რაც პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა - დღეიდან ყველა მინისტრი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

დღის ამბები