"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა ოპონენტების აეხსნა, თუ რატომ არის აუცილებელი ცვლილებები. რატომ უნდა შეიცვალოს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის საჭირო კვორუმი და რატომ არ უნდა იკავებდეს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას პარტიული პირი.
სწორედ მოადგილის არჩევის წესის ცვლილებაა ოპოზიციისთვის მიუღებელი, თუმცა მმართველ პარტიაში ამის მიზეზზეც ისაუბრეს. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ოპონენტებს არ სურთ იმ კვოტის დაკარგვა, რომელსაც ახლა პარტია "ლელო" ითვისებს და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ამ ძალის პოლიტიკური საბჭოს წევრია.
საკუთარი პარტიის წევრზე საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა ანა ნაცვლიშვილმა და "ქართულ ოცნებას" საპირისპირო არგუმენტად პოლიტსაბჭოში მინისტრების ყოფნა მოუყვანა.
”საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების გამო ოპოზიციამ სახელისუფლებო პარტია ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფაშიც დაადანაშაულა. ითქვა ისიც, რომ თუ პროექტი კანონად იქცევა ის ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. რასაც ადრესატებმა ოპონენტების მხრიდან მანიპულაცია უწოდეს.
ევროპული მომავლის საფრთხედ აღიქვამს მისი თანამდებობის მოსალოდნელ გაუქმებას "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი და ამავე დროს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე. გიორგი სიორიძის თქმით, ამ ნაბიჯით მომავალი არჩევნები დაზიანდება.
ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისთვის მისივე მოადგილის განცხადებები თავის მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში ოპოზიცია ცესკოში წარმომადგენელი მაინც ეყოლებათ, თუმცა არა მოადგილის არამედ საარჩევნო კომისიის წარმოდგენილის რანგში. ცესკო მიიჩნევს რომ ლელოს წევრი კომისიის დისკრედიტაციას ცდილობს.
81 მომხრე 7 წინააღმდეგი - სწორედ ამ შედეგით დასრულდა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრა. პროექტით ცვლილებებია გათვალისწინებული პარლამენტის რეგლამენტშიც რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა 3-ეტაპიანი იქნება.
თავმჯდომარის ასარჩევად, პირველ ჯერზე 90 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო. თუ საკმარისი რაოდენობა ვერ შეგროვდა 76 ხმით დამტკიცების ორი შესაძლებლობაა და დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარეს არა დროებით არამედ 5 წლის ვადით აირჩევენ.