პრემიერ-მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო. ირაკლი კობახიძე გარდაცვლილი პოლიციელის, თემურ ბარამიძის ოჯახში მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი.
"მეწყერი განვითარდა 100-ზე მეტ სოფელში, შესაბამისად, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი და გეოლოგიური დასკვნების შედეგად, მოხდება შემდგომი დაკმაყოფილება ამ ოჯახების თანამედროვე უსაფრთხო საცხოვრისით. ასევე, შეფერხებები იყო როგორც შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე, ასევე შიდა სასოფლო გზებზე. სრულად არის აღდგენილი გოდერძამდე შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე მოძრაობა, ასევე, 100-ზე მეტ მიმართულებაზე მოხდა გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულება. რჩება დაახლოებით 10 შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ძალიან მალე იქნება დასრულებული და რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება მოსახლეობასთან ერთად მუშაობა როგორც პრევენციის კუთხით, ასევე შესაბამისი მოვლენების მიმართ ადეკვატური რეაგირება," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ბევრი კერაა ერთდროულად, შესაბამისი მობილიზებით და ძალისხმევის პირობებში, ხდება სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.
"მოვინახულეთ სტიქიის ზონები. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მასშტაბური არის, მათ შორის სტიქიური ზონების სიმრავლის თვალსაზრისით. გამორჩეულად სწორედ აჭარაშია, ძალიან ბევრი კერაა ერთდროულად, შესაბამისი მობილიზებით და ძალისხმევის პირობებში, ხდება სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება, როგორც ტექნიკის მობილიზაცია, ბუნებრივია, ასევე ფიზიკური ძალის, იმისთვის, რომ შესაბამისი უბნები ლიკვიდაციის ნაწილში დროულად დასრულდეს," - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.
ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ოთარ შამუგია აცხადებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები პროცესებს აკვირდებიან.
"ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ იოს პროცესები, რომელიც დაწყებული გვაქვს წლების წინ, რაც შეეხება ქვეყანაში მონიტორინგის სისტემების განვითარებას, შესაბამისი სამსახურების გაძლიერებას. ეს წლების წინ დავიწყეთ, ფაქტობრივად მოშლილი იყო მთელი სისტემა და გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები," - აცხადებს ოთარ შამუგია.