ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მეწყერის ზონაში ცხრა დაღუპულიდან დღეს, ორი მოქალაქე დაკრძალეს. ოჯახებს მიუსამძიმრა მთავრობის მეთაურმა. ტრაგედიის ადგილზე პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად ჩავიდა. ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო. პრემიერმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ კომპენსაციებსა და განსახლებასთან დაკავშირებით ხელისუფლება, შესაბამის ზომებს მიიღებს.
სტიქიური უბედურების ზონაში გზა უკვე გაწმენდილია. აღდგენილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. ამ დროისთვის კი, ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამანადგურებელ სტიქიას, სოფელ ნერგეეთში 9 ადამიანი შეეწირა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მსგავსი მასშტაბის ბუნებრივი მოვლენა არ ახსოვთ. 9 გარდაცვლილიდან ორი დღეს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
უხვი ნალექის შედეგად მთებიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ, დიდი ზარალი ზემო აჭარასაც მიაყენა. ბაღდათის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ჩავიდა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მაღალმთიან აჭარაში განვითარებულმა მეწყერმა და ზვავმა, ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ირაკლი კობახიძემ ქედაში გარდაცვლილი პოლიციელის - თემურ ბარამიძის ოჯახს მიუსამძიმრა. პრემიერთან ერთად, ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდნენ მინისტრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ უსაფრთხო ადგილას ამ დროისთვის 200-ზე მეტი ოჯახია გადაყვანილი.
სტიქიურ პროცესებს სწავლობენ გარემოს ეროვნული სააგენტო სპეციალისტები. რეგიონებს უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა მილიონობით ლარის ზარალი მიაყენა. სტიქიურ უბედურებას იმერეთსა და აჭარაში 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.