"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები და კონსულტაციები გაერთიანებებზე, მიზანმიმართული სტრატეგიაა. ამბობენ, რომ პარტიები, რომლებიც ცდილობენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ასოცირდებოდნენ, რეალურად, მათი უცხოელი კონსულტანტების ინსტრუქციით მოქმედებენ, რათა შეძლონ შექმნან ე.წ. მესამე ძალა. ეს კი უმრავლესობის განმარტებით იქიდან გამომდინარეობს, რომ ნაციონალური მოძრაობა დასუსტებულია და ამ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა არც მისი წარსულიდან გამომდინარე აქვს.
ლევან ხაბეიშვილის პარტიისგან გამიჯვნას, მხოლოდ გიორგი ვაშაძე არ ცდილობს. საჯარო განცხადებებში საკუთარ თავს ალტერნატიულ ძალად მოიხსენიებს პარტია "ლელო". ხაზარაძის გუნდში, სადაც ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილია, ამტკიცებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი არასდროს ჰქონიათ.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ნიკა მელია განიხილავს კავშირს გვარამიასთან.
გვარამია კი თავის მხრივ, "გირჩი ჯაფარიძესთან" და ელენე ხოშტარიასთან ერთად აპირებს საარჩევნო მარათონში ჩართვას.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები ერთად თუ ცალ-ცალკე, სხვადასხვა პარტიების სახით მაინც "ნაციონალური მოძრაობაა", რომლისგან დისტანცირებასაც პოლიტიკური ძალები უშედეგოდ ცდილობენ. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ყველა პარტია თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათ შორის "ლელო", ნიკა გვარამია, გიორგი გახარია, მაინც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მათ იდეოლოგიასთან ასოცირდება.
სახელისუფლებო გუნდში იმასაც ამბობენ, რომ საარჩევნოდ გეგმები აქვს სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც ათონელის სასახლეში ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციას ხვდება.