16 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ერთად ვიბრძოდით, ამდენი წელია, ერთმანეთს თანამებრძოლად მოვიაზრებდით, მადლობა ირაკლი კობახიძეს კვლავ გამოცხადებული ნდობისთვის - თეა წულუკიანი

წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ერთად ვიბრძოდით, ამდენი წელია, ერთმანეთს თანამებრძოლად მოვიაზრებდით, მადლობა ირაკლი კობახიძეს კვლავ გამოცხადებული ნდობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„დღეს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა. დღევანდელი მთავრობის პირველი სხდომა ახალი პრემიერის ხელმძღვანელობით შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მე, როგორც ამ მთავრობის წევრმა, მას წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის პირობებშიც ბოლო რამდენიმე წელიწადის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ვიმუშავეთ ერთად და მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ შეძლო საქართველოს პარლამენტთან და სხვა სახელისუფლო სტრუქტურებთან ერთად შეენარჩუნებინა ამ ქვეყანაში სტაბილურობა, მშვიდობა და ეჩვენებინა საკმაოდ შთანმბეჭდავი ეკონომიკური ზრდა.

ჩვენ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვესახა სამომავლო მუშაობის გეგმები და ასევე ძირითად მიმართულებებზე გვესაუბრა და შევთანხმებულიყავით იმაზე, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდება სამინისტროების ხელმძღვანელობასთან შეხვედრები, რათა მომავალი თვეების სამუშაო კარგად ჩამოყალიბდეს და მთავრობამ, როგორც ერთმა ერთიანმა გუნდმა, კიდევ უფრო მაღალი შედეგი აჩვენოს, ვიდრე ეს იყო აქამდე.

მინდა, ბატონ ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და იმ უსამართლობების წინააღმდეგ, რომელიც მაშინ ქვეყანაში სუფევდა, „ქართული ოცნების“ ფარგლებში ერთად ვიბრძოდით. რა თქმა უნდა, ამდენი წლის მანძილზე თანამებრძოლად მოვიაზრებდით ერთმანეთს და მადლობას ვუხდი მას კვლავ გამოცხადებული ნდობისათვის“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები