16 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
ხაზარაძისგან რეალურად ვისმენთ მუქარას, რომ თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, დაიწყებს ადამიანების დევნას, უფრო მეტიც, ქვეყნიდან გაძევებას, ხაზარაძე თავის დროზე იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან შეზრდილი რეკეტირი - თეა წულუკიანი

ხაზარაძისგან რეალურად ვისმენთ მუქარას, რომ თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, დაიწყებს ადამიანების დევნას, უფრო მეტიც, ქვეყნიდან გაძევებას, ხაზარაძე თავის დროზე იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან შეზრდილი რეკეტირი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაზე, სადაც ხაზარაძე ამბობს: „აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა მოსკოვში, მისი ადგილი არის კრემლში. ეს არის ჩემი პოლიტიკური გზავნილი“.

წულუკიანის თქმით, მამუკა ხაზარაძის განცხადება ერთი მხრივ სასაცილო, მეორე მხრივ კი, შემაშფოთებელია.

„შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მახსენდება, რაიმე ტიპის პოლიტიკური შეფასება ან განცხადება გამეკეთებინოს ბატონი მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან ან მის პოლიტიკურ წონასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, ხშირად არ მომსვლია ასეთი. ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ არასოდეს მისი პოლიტიკური ქცევა ან პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ქმედებები, პოლიტიკური გეგმები არ იწვევდა განცდას, რომ ის სიღრმისეული პოლიტიკოსია ან შეიძლება, ადამიანმა უწინასწარმეტყველოს რაიმე ტიპის პოლიტიკური მომავალი, მაგრამ ახლა ამ ძალიან შემაშფოთებელ განცხადებასთან დაკავშირებით ალბათ პასუხის დროა. ჩვენ რეალურად ბატონი ხაზარაძისგან ვისმენთ მუქარას, რომ ის თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, დაიწყებს ადამიანების დევნას, უფრო მეტიც, ქვეყნიდან გაძევებას. ვამბობთ ხელისუფლებაში დაბრუნდებაო იმის გამო, რომ თუ მას არ ახსოვს, ჩვენ შეგვიძლია, შევახსენოთ ის, რაც ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, ხაზარაძე თავის დროზე იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან შეზრდილი რეკეტირი. სიტყვა – თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, სწორედ რომ უპრიანია მასთან მიმართებაში. თუ დაბრუნდება, და ის ამტკიცებს, რომ დაბრუნდება, თურმე უკვე ხელისუფლების სათავეში მყოფი ხაზარაძე დააბრუნებს ამ ქვეყანაში დაშინებას, შეშინებას, განადგურების მუქარას, ადამიანების დევნასა და ქვეყნიდან გაძევებას.

ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, სასაცილოა, რადგან იმ რეიტინგიდან გამომდინარე, რაც მას აქვს, ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს სამშობლოს ეს არ ემუქრება, მაგრამ შემაშფოთებელია, როდესაც პოლიტიკოსი ხელისუფლებაში დაბრუნების მთავარ მიზნად აცხადებს სწორედ ადამიანების დევნას, თან ვის დევნას, ბიძინა ივანიშვილის დევნას, რომელიც არის ქველმოქმედი, მათ შორის პოლიტიკური, უპრეცედენტო ქველმოქმედების ავტორი, რომელმაც ბოლო წლებში, 2012 წლიდან უკვე თვალსაჩინოდ და ხილულად არაერთი პროექტის შედეგად ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი სიკეთე მოუტნა. ამდენი წელია, სწორედ ბიძინა ივანიშვილია ამ სახელმწიფოს უსაფრთხოების, სტაბილურობის მთავარი გარანტი. ასეთ ადამიანს ის ემუქრება დევნით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ფორმაში წელსაც, როგორც არაერთი არჩევნების დროს წარსულში და ასეთ ძალებს, რომლის ერთ-ერთ სპიკერად იქცა მამუკა ხაზარაძე, არ დავუშვებთ და არ მივცემთ საშუალებას, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები