სალომე ზურაბიშვილს ილჰამ ალიევისთვის პრეზიდენტად არჩევა არ მიულოცავს- ამის გამო პრეზიდენტს სახელისუფლებო გუნდი აკრიტიკებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სიჩუმე არადიპლომატიური ჟესტია.
აზერბაიჯანის პირველ პირს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ალიევმა მილოცვები მიიღო მსოფლიო ლიდერებისგან, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლს მიშელისგან.
პარტია "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს უბრალოდ დაავიწყდა აზერბაიჯანელი კოლეგისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცა.
"თავიდან, ვიფიქრე, პრეზიდენტს დაავიწყდა და მოგვიანებით მიულოცავდა. სხვანაირად ვერაფრით ვერ ვხსნი იმიტომ, რომ არ მახსენდება ქალბატონ პრეზიდენტსა და ბატონ ალიევს ისეთი დაპირისპირება ჰქონდეთ, რომ ერთმანეთ უბრად იყვნენ. ამიტომ, რას მივაწერო ქალბატონი სალომეს ასეთი ტიპის მოქმედება არ ვიცი, გარდა ქალბატონი სალომეს გულმავიწყობისა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების საბოლოო პასუხის გამოცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი მეზობელი ქვეყნის ლიდერს გამარჯვებას მიულოცავს.
"განსაკუთრებით არამეგობრულს ვერ ვხედავ იმაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი ელის საბოლოო შედეგების გამოცხადებას, ვიდრე მიულოცავს მეზობელი ქვეყნის მეთაურს, რასაც დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებს, რადგან ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, ჩვეულებრივი საღი აზრი, კეთილ-მეგობრული და მეზობლური ურთიერთობის დაფიქსირება, ამიტომ განსაკუთრებული გამორჩეული ამაში არაფერი არ არის", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.