90%-ის ალბათობით, ჩვენ იჯარა-გამოსყიდვით შევიძენთ "ქართული ოცნების" ახალ ოფისს, თუმცა, ძალიან ცუდია, რომ ზოგიერთი ტელევიზია, ხაზარაძის, "ნაცმოძრაობის" ამასთან დაკავშირებით ცდილობს ფულის გათეთრებაზე და რაღაცებზე ილაპარაკოს, როდესაც ხელის გულზე დევს ყველაფერი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ჩვენ ძალიან კარგ, საკმაოდ შთამბეჭდავ ოფისში გადავალთ უკვე ზაფხულში. ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პარტიის ოფისი შევიძინოთ, ანუ იჯარა-გამოსყიდვის მეთოდით მივიღოთ თუ არა და ბოლო დღეებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ დიახ, ეს ასე იქნება. მე მგონი "ტვ პირველის" გაკეთებულმა სიუჟეტმაც დააჩქარა ეს ამბები, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ არც უმაგისობაა. ყველა შემთხვევაში, ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, მას შემდეგ რაც, მათ ვთხოვეთ, რომ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდოდით, ყველა ვარიანტში გარანტია მივეცით, რომ ჩვენ შევიდოდით იმ ოფისში იჯარით მაინც. მოგვიწია ბევრი დარბაზის და ოთახის გადაკეთება იმ ოფისში იმის გამო, რომ პარტიულ მიზნებზე და ჩვენს სამსახურებს მორგებოდა. შესაბამისად, ჩვენ ყველა ვარიანტში გადავალთ, მაგრამ უფრო 90%-ის ალბათობით, ჩვენ იჯარა-გამოსყიდვით შევიძენთ ამ ოფისს. თუმცა, ძალიან ცუდია, რომ ზოგიერთი ტელევიზია, ხაზარაძის, "ნაცმოძრაობის" ცდილობს ამასთან დაკავშირებით ფულის გათეთრებაზე და რაღაცებზე ილაპარაკოს, როდესაც ხელის გულზე დევს ყველაფერი,"- აღნიშნა მდინარაძემ.