საარჩევნო კამპანია საბჭოთა რეპრესიული დაპირებებით - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება "ლელოს" ახალ პიარსტრატეგიაზე. მამუკა ხაზარაძე, უკვე რამდენიმე კვირაა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მოსკოვში გადასახლებას აანონსებს.
ყოფილმა ბანკირმა სოციალურ ქსელში წამმზომიც კი ჩართო. მსგავსი შინაარსის კამპანია "ქართული ოცნებისთვის" ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობის" წიაღიდან წამოსული "ლელო" იდეურად მისგან შორს არასდროს წასულა.
ლიდერის საარჩევნო კამპანიაზე დღეს თავისმართლება “ლელოს” წევრებს მოუწიათ. პარტიაში განმარტეს, რომ კამპანიის მიზანი რეპრესიის დაანონსება არ ყოფილა. თუმცა, თქვეს, რომ, მათი გამარჯვების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს ადგილსამყოფელს პროკურატურა განსაზღვრავს.
“ლელოს” სტრატეგიას ნეიტრალური შეფასება დღეს მხოლოდ “ნაცმოძრაობის”საარჩევნო პარტნიორის - “სტრატეგია აღმაშენებლის” მხრიდან მოჰყვა. სხვა ოპოზიციურ ძალებში, ყოფილი ბიზნესმენი, ნეგატიური დღის წესრიგის დამკვიდრების გამო გააკრიტიკეს. კოლეგების აზრით, ამ ფორმით ხაზარაძე საერთო ოპოზიციურ ფლანგს აზიანებს.
მამუკა ხაზარაძისგან ძალადობრივი მეთოდების დაანონსება საპარლამენტო უმრავლესობაში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ხაზარაძის წარსული, ყველა ეტაპზე, რეპრესიებს უკავშირდებოდა. კანონმდებლებმა დღეს ოპონენტი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ბიზნესრეკეტში მონაწილეობაშიც დაადანაშაულეს. გაიხსენეს, სასამართლოს მიერ თაღლითობის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც.
“ლელოს” ლიდერი დღეს კამერებთან არ გამოჩენილა. არჩევნებამდე 9 თვით ადრე, რეტრო "ფორდ მუსტანგით" დაწყებულ კამპანიას, მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდი მმართველი პარტიის დამფუძნებლის მოსკოვში გადასახლების დაპირებით განაგრძობს.