"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ამბავი გავრცელდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მეგობარი ქვეყნის - აზერბაიჯანის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, მისმა ადმინისტრაციამ მისალოცი დოკუმენტი გააყალბა და ძველი რიცხვი დააწერა.
მდინარაძის თქმით, დოკუმენტის გაყალბებაზე ორი ფაქტი მიუთითებს, მათ შორის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის მილოცვის წერილი, ალიევის ადმინისტრაციამ 12 თებერვალს გამოაქვეყნა.
"დადასტურებული ფაქტია, რომ როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჟურნალისტებს სცემს პასუხს, რომ ჯერ ცესკო-ს არ დაუდასტურებია და ამიტომ არ ულოცავდა და შემდეგ ამბობენ, რომ უკვე მივულოცეთო, ესე იგი ტყუილია. მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია წარმოუდგენელ ფაქტზე, რომ მან მეგობარი, მეზობელი, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, ამის შემდეგ გააყალბეს დოკუმენტი, დააწერეს ძველი რიცხვი და ამას ადასტურებს ორი ფაქტი: ერთი ის, რომ საიტზე მხოლოდ გუშინ აიტვირთა, მას შემდეგ, რაც რეალურად გააგზავნეს გაყალბებული რიცხვით და ის წერილი, რომ ჯერ ცესკო-ს არ დაუდია იმას ადასტურებს, რომ მათ სპეციალურად თქვეს ტყუილი, ან რაღაც სცენას დგამენ და შემდეგში ესეც გამოჩნდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ სიტყვის ყველაზე პოზიტიური გაგებით, ყველა ჯერზე უნდა ვაიძულოთ ასეთ ხალხს, რომ საქართველოსთვის იმუშაონ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.