აშშ-ის სენატმა, დღეს, 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის. სენატორებმა წილისყრის შედეგად 70 ხმით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.
კანონპროექტში გათვალისწინებულია 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარით ისრაელის უსაფრთხოების დაფინანსება; ღაზის სექტორის, დასავლეთ სანაპიროს და უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის - 9 მილიარდის; ტაივანის მხარდასაჭერად კი - 4,8 მილიარდის გამოყოფა.
"აუცილებელია, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა დავასრულოთ. ეს არის პერსპექტივა, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, არამედ დასავლურ დემოკრატიასა და იდეალებზე. ვლადიმირ პუტინის შეჭრამ უკრაინაში აღმოსავლეთ ევროპა საომარ ზონად გადააქცია. ასეთი სიტუაცია ამ რეგიონში ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. უკრაინას საბრძოლო იარაღის და საჰაერო თავდაცვის ძალიან მცირე მარაგი აქვს. თუ ჩვენ არ დავეხმარებით უკრაინას, პუტინი, დიდი ალბათობით, მიაღწევს წარმატებას, რის შესახებაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ შეგვახსენა. ერთადერთი სწორი პასუხი კრემლის ამ მუქარაზე არის ის, რომ ამ კანონპროექტის მიღებით სენატი დაუპირისპირდეს რუსულ აგრესიას და დაიცვას დასავლური ღირებულებები,"- განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.