16 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევნები არის გამადიდებელი შუშის ქვეშ დაკვირვების საგანი და რომ გაყალბება არავის არ შეერგება - გრიგოლ გეგელია

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ ეუთო/ოდირის წარმომადგენლების მოწვევის საკითხს ოპოზიცია ეხმიანება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დამკვირვებლების ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხია. 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას თქმით, 2024 წლის არჩევნებს ბევრი სადამკვირვებლო მისია დააკვირდება. 

"რა თქმა უნდა, დამკვირვებლების ჩამოსვლა საქართველოში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე გაგვაჩნია კავშირი მთელ რიგ მხარეებთან და პარტნიორებთან და ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული და ინფორმირებულ იმაში, რომ ამ არჩევნებს დააკვირდება არნახული მასშტაბით დამკვირვებელი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიდან, სხვადასხვა სახელმწიფოებიდან და პოლიტიკური ალიანსებიდან. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევნები არის გამადიდებელი შუშის ქვეშ დაკვირვების საგანი და რომ გაყალბება არავის არ შეერგება," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტით.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვა სადამკვირვებლო მისიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა 2024 წელს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო პარტნიორი აკვირდებოდეს არჩევნებს", - აღნიშნა თემურ ცამციშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაა.

"ეუთო/ოდირთან ერთად, შეერთებული შტატების მხრიდანაც იქნება წარმომადგენლობა საქართველოში, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის უზრუნველყოფის კუთხით", - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები