16 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
ჩვენ არჩევნებსაც სამართლიანად ჩავატარებთ, არჩევნებშიც სამართლიანად გავიმარჯვებთ და ამ შედეგების აღიარება მოუწევს რადიკალურ ოპოზიციას - რატი იონათამიშვილი

მმართველი გუნდის წევრები საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის წარმომადგენლების დაკვირვების მიზნით მოწვევის საკითხს ეხმიანებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ინტერესია, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში მშვიდი ვითარება იყოს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მიზანია არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტით.

"ჩვენი მიზანია, რომ ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტით და იყოს გამორჩეული ამ თვალსაზრისით, მათ შორის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის თვალსაზრისით. საინტერესო ფაქტორია, რომ რადიკალური ოპოზიცია აჩვენებს, რომ მათ ეშინიათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ვინაიდან მათ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის რეალური მიზანი. ისინი დემოკრატიულ პროცესებს გაურბიან, მათ შორის, გაურბიან არჩევნებს და აქედან არის განპირობებული მათი ისტერია და შიში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არჩევნებსაც სამართლიანად ჩავატარებთ, არჩევნებშიც სამართლიანად გავიმარჯვებთ და ამ შედეგების აღიარება მოუწევს რადიკალურ ოპოზიციას," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს.

"წინასწარ ყველამ იცოდა, რომ ხელისუფლება ამას გეგმავდა, ასეთი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება. გახსოვთ, ვიდრე ეს წერილი ფორმალურად წარდგენილი იქნებოდა, მანამდე იყო პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც იყვნენ ინიციატორი ყალბი აჟიოტაჟის მოწყობისა... მოგვიანებით ყველამ დაინახა, რომ დიახ, ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი, იმიტომ, რომ ხელისუფლებას აბსოლუტურად არაფერი არ აქვს დასამალი, არ ექნება დასამალი არც არჩევნებამდე, არც არჩევნების დღეს და არც არჩევნების შემდეგ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

 

დღის ამბები