"ნაციონალურ მოძრაობას" უკვე აქვს მიღებული ინსტრუქცია - თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ თქვენ ვერ იმარჯვებთ, უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება, მოდით, აიღეთ ის, რაც შეგიძლიათ და იმუშავეთ თქვენს ელექტორატზე. "ლელოს" და რადიკალურ ბანაკს უთხრეს, რომ თქვენი მოვალეობა არის, იმუშაოთ დანარჩენ ოპოზიციურ ელექტორატზე, უნდა გახდეთ "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო აგრესიულები, მათზე უფრო მატყუარები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე, ყველა პარტია ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებს; "ლელოს" დავალებაა, იმუშაოს იმ ელექტორატზე, რომელსაც არ მოსწონს "ნაციონალური მოძრაობა" და ახალი პარტიის გამოჩენას ელოდება. გახარიას კი, თალაკვაძის განმარტებით, დავალებული აქვს "ქართული ოცნების" ამომრჩევლებში გაურკვევლობის შეტანა, თუმცა, მას მმართველი გუნდის ლიდერებმა მკაფიო პასუხები გასცეს.
""ლელოს" უთხრეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო უტიფარი განცხადებები უნდა გააკეთოთ და იმუშაოთ სხვა ოპოზიციურ ელექტორატზე, ვისაც არ მოსწონს "ნაციონალური მოძრაობა" და აქვს იმედი, რომ რაღაც ახალი გემი თუ ვაგონი გამოჩნდება, როგორც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პრეზენტაციაზე მოვისმინეთ და მაგ ვაგონში როგორმე ჩასხდებიან. არის კიდევ ერთი ძალიან სპეციალური დავალება, სპეციალური ამოცანა, რომელიც აქვს გიორგი გახარიას პოლიტიკურ ჯგუფს - ეს არის "ქართული ოცნების" ელექტორატში რაღაც გაურკვევლობის შეტანა. გახსოვთ, მისი ტაქტიკა თავიდანვე ეს გახლდათ, შემდეგ ძალიან მკაფიო პასუხები გაეცა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერების მხრიდან და ისინი აგრძელებენ ამ ტაქტიკას, იმიტომ, რომ სხვაგან უბრალოდ არ ეგულებათ არავითარი შესაძლებლობა, რომ ელექტორატი მოიპოვონ. ამიტომ, მუშაობენ იმ ადამიანებზე, ვისი მოტყუება და დაბნევაც, ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ შეუძლიათ. თუმცა, ეს ვერ მოხდება. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ და ყველას, ვინც ცდილობს, ასეთი მეთოდებით პოლიტიკაში რაღაც ქულები მოიპოვოს, რომ ვერ მოატყუებთ საზოგადოებას. შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო საზოგადოების დიდი ნაწილი, შეიძლება დიდი ხნით მოატყუო ვიღაც და საზოგადოების მცირე ნაწილი, მაგრამ, ეს ორივე ვადა გასული გაქვთ თქვენ, ანუ მცირე ნაწილსაც რომ ატყუებდით და დიდ ნაწილსაც, ორივე ვადა გასული გაქვთ, ასე რომ, ვერ მოატყუებთ ვერავის." - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური გუნდია, რომელსაც სამომავლო ხედვა გააჩნია და ოპოზიციის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოახერხა ქვეყნისთვის წარმატების მოტანა.
""ქართული ოცნება" არის უკვე ჩამოყალიბებული პარტია, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს კონკრეტული საქმეები, ასევე გვყავს გუნდი და ლიდერები, რომელთაც საზოგადოება იცნობს და აქვთ ნდობა, წარვადგენთ ახალ თანაგუნდელებსაც შემდეგი არჩევნებისთვის და რაც მთავარია, გვაქვს პროგრამა, სამომავლო ხედვა. სწორედ ჩვენ შევძელით, ამ ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა, გაგვეზარდა ეკონომიკა და მიგვეღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ამის საწინააღმდეგოდ მუშაობდა ოპოზიციის უდიდესი ნაწილი." - განაცხადა თალაკვაძემ.