29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
აშშ-ში დიდთოვლობის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა - შეერთებული შტატები ძლიერ ქარიშხალსა და დიდთოვლობას ებრძვის

აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი ძლიერი ქარიშხლისა და დიდთოვლობის შედეგებს ებრძვის. თოვლის საფარი ზოგიერთ ადგილზე ნახევარ მეტრს აღწევს. დიდთოვლობის გამო დაიღუპა ერთი ადამიანი.

ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და ნიუ ინგლისში ათასობით რეისი გაუქმდა. თოვლის გამო შეზღუდული, ან პარალიზებულია გზებზე სატრანსპორტო მოძრაობა. დიდთოვლობამ ხილვადობის პრობლემები შექმნა ნიუ-იორკში, რის გამოც მთავრობამ ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე მძღოლებს სიჩქარის რეგულირებისკენ მოუწოდა. რთული ამინდის გამო, არ მუშაობს ბორნები და მეტროს გარკვეული ხაზებიც. ნიუ-იორკის შტატის ვესტჩესტერის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული .საგანგებო ვითარებაა ბოსტონშიც.

ნიუ-იორკში, პენსილვანიასა და მასაჩუსეტსში დახურულია სკოლები და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა მომდევნო დღეებში კიდევ უფრო დაეცემა, რის გამოც ფეხით მოსიარულეებისთვის გზებს თოვლისა და ყინულისგან ინტენსიურად ასუფთავებენ.

ქარიშხლის გამო, პენსილვანიაში დაახლოებით 140 000, ნიუ ჯერსიში კი დაახლოებით 12 000 ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. გაზრდილი საფრთხის ქვეშაა 46 მილიონზე მეტი ადამიანი .

ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიუ იორკში ყველაზე დიდი რაოდენობის თოვლი მოვიდა. რამდენიმე შტატის ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას მოუწოდეს, იმუშაონ სახლიდან და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.

ავტორი: ანი მურადაშვილი

 

დღის ამბები