16 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
შესაძლოა, პროევროპულმა ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" გარდა საკმარისი ხმა აიღონ იმისთვის, რომ მათ მოახდინონ მთავრობის ფორმირება - ბადრი ჯაფარიძე

"ლელო" იმოქმედებს ქართველი ხალხის არჩევანიდან გამომდინარე", - ასე პასუხობას ბადრი ჯაფარიძე "ღამის კურიერის" კითხვას, ვისთან აპირებს პარტია კოალიციის ჩამოყალიბებას.

მისი თქმით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აღარ სურთ არც "ნაციონალური მოძრაობისა" და არც "ქართული ოცნების" მმართველობა უფრო მეტია, ვიდრე ამ ორი პარტიის რეიტინგი ერთად.

"ორპოლუსიანობა უნდა შეიცვალოს, ვერცერთი პოლუსი ვეღარ განსაზღვრავს როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების ფორმირება. ვფიქრობთ, დღეს ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, სწორედ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელსაც მათ შორის "ლელო" წარმოადგენს. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც არ აძლევს ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" და აღარ უნდა "ქართული ოცნების" მმართველობა არის უფრო მეტი, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" პლუს "ქართული ოცნება".

შესაძლოა, პროევროპულმა ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, საკმარისი ხმა აიღონ იმისათვის, რომ მათ მოახდინონ მთავრობის ფორმირება. ქართველი ხალხის არჩევანი როგორიც იქნება, ამის მიხედვით იმოქმედებს "ლელო". ამოცანა არის, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კოალიციური ხელისუფლების მმართველობა.

ჩვენ განვიხილავთ სცენარს, სადაც "ლელო" არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთამაშე კოალიციურ მთავრობაში, ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენ ეს დაკვეთა გვაქვს "ლელოს" მხარდამჭერებისგან, ამიტომ ამაზე ვართ ფოკუსირებული. წინასწარ განსაზღვრო ვინ რა პროცენტს მიიღებს და რა როლი ექნება კოალიციურ მთავრობაში, არის შეუძლებელი და კონტრპროდუქტიული. ვფიქრობ, იქნება განსხვავებული შედეგი, რომელიც ერთხელ და სამუდამოს მოგვცემს საშუალებას, რომ დავივიწყოთ ორპოლუსიანობა და გვქონდეს მრავალპოლუსიანი პოლიტიკური ველი. ამიტომ, დაველოდოთ ქართველი ხალხის არჩევანს. "ლელო" იმოქმედებს ქართველი ხალხის არჩევანიდან გამომდინარე. ჩვენი ამოცანა არის, რომ სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებში იყოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს "ლელო". ჩვენი ამოცანა არის ქართველი ხალხის სამსახური", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები