"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განმარტა, როგორ აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში 55%-ის აღებას. მისი თქმით, მას ვერ წარმოუდგენია პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში საუკეთესო შედეგის დადებას და გამარჯვებას არ შეეცდება.
"მე არ ვიტყოდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაიყო. უფრო დიდი შემადგენლობაც გასულა 2016 წელს, მაგრამ საბოლოო ჯამში, გვინახავს "ნაციონალური მოძრაობის" და ამ ადამიანების შედეგი. "ნაციონალური მოძრაობა" დიდი პარტიაა, ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა. "ნაციონალური მოძრაობა" ვითარდება. ეს წასვლები ცხადია ყოველთვის აკლებს და მე არ ვიტყვი, რომ დანაკლისი არავინ არ არის, მაგრამ ამომრჩევლების მომატება ან დაკლება არ არის დამოკიდებული ვიღაცის წასვლაზე. ამ ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტი მოსული შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ახლა ეთერებში არიან და ერთი წლის წინ საერთოდ არავინ არ იცნობდა.
მე ვერ წარმომიდგენია პარტია, რომელიც არ ცდილობს არჩევნებში საუკეთესო შედეგი დადოს და გაიმარჯვოს. პარტია, რომელიც ამაზე არ ფიქრობს და მარტო იმაზეა ორიენტირებული, რომ პარლამენტში რამდენიმე სკამი დაიკავოს, მე არ ვთვლი რომ ეს პარტიაა. ამიტომ, ჩემი პარტიის მიზანი, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტიის და ახლა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" და "გამარჯვების კოალიციის", რომლის მთავარი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. ვფიქრობ ამის ყველაზე დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებული კარგი საქმეები, მათ შორის, ეკონომიკის კუთხით, გახსოვთ როგორი ქვეყანა ჩაიბარა 2003 წელს და როგორი დატოვა 2012 წელს ეკონომიკური კუთხით, მათ შორის. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობისგან" უნახავთ, რომ პარტია დაჰპირდა საქართველოს მოსახლეობას უკეთეს მომავალს და ეს კეთილდღეობა მათ ჰქონიათ", - განაცხადა ანა წითლიძემ.