16 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
"ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ საკუთარი თავდაცვისთვის და ეს უნდა გააკეთონ სწრაფად" - ფინეთის თავდაცვის მინისტრი

"რაც შეეხება დიალოგს უკრაინასა და NATO-ს შორის, ვფიქრობ მისი მხარდაჭერა უნდა იყოს ძლიერი მანამ, ვიდრე საჭიროა. ცხადია, რომ ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ საკუთარი თავდაცვისთვის და ეს უნდა გააკეთონ სწრაფად," - ეს განცხადება ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენიმ ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელსაც NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ესწრებიან.

მისივე განცხადებით, ფინეთს, როგორც NATO-ს ახალ წევრს, რეგიონული გეგმების გაძლიერებისა და მათი ინტენსიურობის მოლოდინი აქვს.

"დღეს მნიშვნელოვანი მსჯელობის დღეა, მაგიდაზეა NATO-ს თავდაცვისა და შეკავების გეგმები. ფინეთს, როგორც NATO-ს ახალ წევრს, რეგიონული გეგმების გაძლიერებისა და მათი ინტენსიურობის მოლოდინი აქვს. ჩვენ დამოუკიდებლადაც ვწევთ ძალისხმევას სტრუქტურის შემუშავებაში, ვმონაწილეობთ მასშტაბურ წვრთნებშიც "მტკიცე მცველი 2024".

რაც შეეხება დიალოგს უკრაინასა და NATO-ს შორის, ვფიქრობ მისი მხარდაჭერა უნდა იყოს ძლიერი მანამ, ვიდრე საჭიროა. ჩვენ უკვე გავაორმაგეთ საბრძოლო მასალის პროდუქცია, ამ მხრივ, ევროპაშიც კარგი ნიშნები იკვეთება. ცხადია, რომ ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ საკუთარი თავდაცვისთვის და ეს უნდა გააკეთონ სწრაფად. ეს იქნება საუკეთესო ნიშანი NATO-ს მხრიდან. აქვე გეტყვით, რომ ევროპა დიდი ეკონომიკაა და მას აქვს საშუალება, გავაკეთოთ ის, რაც სურს," - აღნიშნა ანტი ჰაკანენიმ.

ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ესწრებიან, უკრაინა და ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო დახმარებაა მთავარი თემაა. მიღებულია გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, NATO მათ მეტი საომარი აღჭურვილობის წარმოებისკენ მოუწოდებს. ჰიბრიდულ ფორმატში გუშინ გამართულ ე. წ. რამშტაინის მორიგი შეხვედრაზე NATO-ს გენმდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება და ეს არის ქვეყნების მიერ საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტირება.

განხილვებში ონლაინ ჩაერთო ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც.

დღის ამბები