"მნიშვნელოვანია უკრაინის მუდმივი მხარდაჭერა. საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხზე არის მზაობა პარტნიორებს შორის. წლის ბოლომდე 1 მილიონი საბრძოლო ტყვია უნდა იყოს ნაწარმოები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მიღწეული,"- ეს განცხადება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სფრუდიმ ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელსაც NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ესწრებიან.
მისივე თქმით, დისკუსია შეეხება პრაქტიკული ნაბიჯების დაგეგმვას უკრაინის მხარდასაჭერად და მასთან თანამშრომლობისთვის.
"მნიშვნელოვანია უკრაინის მუდმივი მხარდაჭერა. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და, ზოგადად, ევროკავშირმა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ინდუსტრიის განვითარებასა და კოორდინაციაზე. საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხზე არის მზაობა პარტნიორებს შორის. წლის ბოლომდე 1 მილიონი საბრძოლო ტყვია უნდა იყოს ნაწარმოები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მიღწეული.
მთავარია, განვავითაროთ საკუთარი ძალა და ეფექტურობა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვისაუბროთ ძლიერი პოზიციებიდან. რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. დღევანდელი დისკუსია იქნება იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინას და ასევე, როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მასთან,"- აღნიშნა ანდრის სფრუდიმ.
ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ესწრებიან, უკრაინა და ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო დახმარებაა მთავარი თემაა. მიღებულია გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, NATO მათ მეტი საომარი აღჭურვილობის წარმოებისკენ მოუწოდებს. ჰიბრიდულ ფორმატში გუშინ გამართულ ე. წ. რამშტაინის მორიგი შეხვედრაზე NATO-ს გენმდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება და ეს არის ქვეყნების მიერ საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტირება.
განხილვებში ონლაინ ჩაერთო ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც.