რევანშისტული და ძალადობრივი - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ლელოს" კამპანიას. მამუკა ხაზარაძის პარტია არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვებას აანონსებს.
"ქართულ ოცონებასთან" ერთად, პოლიტიკური პიარის ამ ფორმას ოპოზიციის ნაწილიც არ იზიარებს. "ლელოს" მიერ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას რეპრესიების დაანონსებად და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევენ.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ თუ ვინმეს რამე აქვს დაშავებული, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.
"მას შემდეგ ,რაც ის დამარცხდება არჩევნებში, ის მაღალი ალბათობით წავა დედა რუსეთში. ეს არავითარ კავშირში არ არის "ლელოს" მიერ იმის დადგენასთან, თუ ვინ სად უნდა იყოს. თუ ვინმეს რამე აქვს კანონის წინაშე დაშავებული, ეს პროკურატურის ან სასამართლოს დასადგენია," - აცხადებს გეგელია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქართული პოლიტიკური დაპირებები შეუსაბამოა რეალობასთან, რაც მისი თქმით, ირონიულ სიცილს იწვევს.
"ნებისმიერი შეუსაბამობა იწვევს ირონიულ სიცილს, ამაზეა შექმნილი არამხოლოდ ძველი ბერძნული კომედიები, არამედ თანამედროვე კომედიური ფილმებიც, როდესაც მსახიობები ჩადიან რაღაც შეუსაბამობას, რაც იწვევს ადამიანების სიცილს.
ქართული პოლიტიკური დაპირებები, მე ზუსტად ამას მახსენებს, მაგრამ ეს დაპირება, რომ ივანიშვილი რაღაც დროს იქნება მოსკოვში, ყველაზე მეტად შეესაბამება ძველ ბერძნულ კომედიებს, რომლებზეც ადამიანები სიცილით იხოცებოდნენ, უბრალოდ დღეს ცოტა სხვანაირად ვუყურებთ ამას და სიცილმაც ცოტა ფორმები შეიცვალა," - აცხადებს ხვიჩია.