ევროკავშირის ელჩი მარნეულში შეხვედრებს მართავს. პაველ ჰერჩინსკი ადგილობრივ ხელისუფლებას, ახალგაზრდებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
დიპლომატი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაეცნო და სოფელ სამშვილდეში სოციალური საწარმოც მოინახულა.
ელჩის განცხადებით, ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
"ეს ჩემი მნიშვნელოვანი მოგზაურობაა საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში. ეს რეგიონი ცნობილია მულტიკულტურული ხასიათითა და განსხვავებულობით. აქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი სხვადასხვა გამოცდილების ახალგაზრდებისთვის, რომ ერთად მუშაობით შექმნან ხიდები სხვადასხვა საზოგადოებებში. დავათვალიერებთ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტებს, როგორც ევროკავშირის ელჩი, მინდა დავრწმუნდე, რომ კომუნიკაცია მაქვს საქართველოს ყველა მოქალაქესთან, მათ შორის, მარნეულში სადაც ძალიან დიდი აზერბაიჯანული საზოგადოება ცხოვრობს. აქვე არიან სომხებიც და რა თქმა უნდა, ქართველებიც. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა ინკლუზიურობას, თანასწორუფლებიანობას, მრავალ ეროვნებას და დიალოგს, საქართველოს მომავლისთვის და მისი წევრობისთვის ევროკავშირში", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.