გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ცხოველთა უფლებების დამცველები ესწრებოდნენ.
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც პარლამენტის კომიტეტებში უახლოეს დღეებში დაიწყება, ასევე მოიცავს თანმდევ კანონპროექტებს, კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებს.
"კანონპროექტი, რომელიც 2025 წლის ივნისში შევა ძალაში, მიზნად ისახავს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისათვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას, შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვას. კერძოდ, კანონპროექტი კრძალავს ცხოველთა მიტოვებასა და ქუჩაში გაგდებას. ასევე განისაზღვრება ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები და მათი ფუნქციები. ცხოველის მეპატრონის ან მიმკედლებლის ვალდებულებები და ცხოველის გამრავლება-პოპულაციის, საჭიროების შემთხვევაში სტერილიზაცია-კასტრაციის საკითხები. კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება კერძო თავშესაფრის შექმნისა და საქმიანობის სფეროები. ასევე საშენის ავტორიზაცია და ფუნქციონირება. კინოლოგიური დაწესებულებების მოვალეობები და უფლებები. ცხოველის ბინაში ყოლისა და მისი მოვლა-პატრონობის წესები", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვის დროს, რეალურად, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების პასუხისმგებლობაზე.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ვდგავართ ერთ მხარეს - ეს არის ცხოველების უფლებები და ადამიანის უფლებები და ის, რომ ადამიანებმა არ დავარღვიოთ ცხოველების უფლებები. დღეს, თუ ჩვენ გვაქვს ეს გამოწვევა, ეს არის ჩვენი, ადამიანების ბრალი, ამიტომ ადამიანებმა ჩვენი ქცევა უნდა დავარეგულირეთ ისე, რომ არ შევუქმნათ პრობლემა საკუთარ თავს, საკუთარ შვილებს და არ შევუქმნათ პრობლემა ჩვენს გარემოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო და ღია დისკუსია, რადგან ეს არ იყოს თავს მოხვეული საკითხები და კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები ყველამ ერთად გაიაზროს.
როგორც კანონპროექტის პრეზენტაციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, ამ დღეებში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ზოგჯერ მიზანმიმართულიც იყო და გახდა სიმულაციების და აგრესიის წინაპირობა.
მისივე განმარტებით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი იმის შესახებ, რომ საჭიროა არსებობდეს საკანონმდებლო აქტი, რომელიც პირველ რიგში დაარეგულირებს ადამიანის ქცევას.
„როდესაც ბუნებაზე და ცოცხალ არსებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ადამიანის ქცევა უნდა გავაკონტროლოთ, სწორედ ადამიანის ქცევის უკონტროლობის შედეგია ის, რომ დღეს უამრავი ქუჩაში გაგდებული ძაღლია და პრობლემამ უკვე საკმაოდ ფართო მასშტაბი მიიღო. კარგად გვესმის, რომ ეს საკითხი საკმაოდ მტკივნეულია და საზოგადოების ფართო წრეს ეხება. ამასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. შესაბამისად, კანონპროექტის შემუშავების პროცესში 60-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა ორგანიზაციის თუ დაინტერესებული პირის მონაწილეობით. ოთხი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა და მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით შევჯერდით კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელიც უკვე წარმოდგენილია პარლამენტში. ჩვენი კომიტეტი აქამდეც ღია იყო და კვლავაც გვექნება საშუალება, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის მოსაზრება, რომელიც მიმართული იქნება კანონპროექტის შემდგომი დახვეწისკენ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში კომიტეტი თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI), რომელმაც სოციოლოგიური კვლევები ჩაატარა და გამიკვლია, რომ საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი (ეროვნული მასშტაბით 56% ) აფიქსირებს, რომ ჰყავს ძაღლი. მათი შეფასებით, ასეთი სტატისტიკა მეტყველებს, რომ ძაღლის მეპატრონეების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ არის იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ძაღლის საკუთრებაში აყვანას თან სდევს. რაც საბოლოოდ იმას იწვევს, რომ უმრავლესობა ვერ უძლებს ძაღლის ქცევას და ძაღლი საბოლოოდ ქუჩაში ხვდება.
„ხაზგასმით ვამბობ, წინ რამდენიმე თვე გვაქვს, ვიდრე კანონპროექტს საბოლოოდ დავამტკიცებთ. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი შენიშვნა, რომელიც საჭირო იქნება კანონპროექტის კორექტირებისთვის. კანონპროექტი არის დიდი, რთული და საკმაოდ დიდ ვალდებულებებს აკისრებს როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე მუნიციპალიტეტებს. დიდი რაოდენობით სახსრებია გასაღები იმისთვის, რომ კანონპროექტი სრულად ამოქმედდეს, ასევე საჭიროა დრო და მოთმინება, რომ რამდენიმე წელში ქუჩაში გაგდებული ცხოველი არ იყოს და ყველა ადამიანი, რომელიც უკანონოდ გაამრავლებს, ან ქუჩაში გააგდებს ძაღლს ან კატას, მკაცრად დაისაჯოს“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საკანონმდებლო პაკეტის წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა.