"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ოპონენტები არა დამოუკიდებელ, არამედ მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობენ.
ღარიბაშვილის ადრესატებმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას ცილისწამება და შეურაცხყოფა უწოდეს. პოლიტიკურ პარტიებში თქვეს, რომ მმართველ ძალას არჩევნებში დამარცხების ეშინია.
ოპოზიციის განცხადებები არაფერს ცვლის სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტების ამ ფორმით "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნა ვერ შეცვლის ფაქტს, რომ მათ ყველას საერთო გეგმა და მიზანი ამოძრავებთ. სახელისუფლებო გუნდის ამ პოზიციას, ნაწილობრივ, "გირჩიც" იზიარებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციას დღეს ის ფაქტები შეახსენა, რომლის გამოც მათ ყველას კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობად" მოიხსენიებენ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ, წლების განმავლობაში, მათი ოპონენტები სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ, ამას კი, მისი თქმით, პასუხს ამომრჩეველი 2024 წლის არჩევნებზე გასცემს.
"ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თუ ცალ-ცალკე? რა კონფიგურაციით გამოვლენ პარტიები არჩევნებზე, ჯერ ცნობილი არ არის. არჩევნებამდე კი უკვე 8 თვეა დარჩენილი.