პარლამენტი ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად მუშობას განაგრძობს. უკვე ოთხი საათია, საკანონმდებლო ორგანოში რიგით მეორე შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრაში, ”ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, მონაწილეობს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი. ერთადერთი პარტია, რომელიც შეხვედრაზე ისევ არ მივიდა, "ლელოა".
დღეს განიხილება ცვლილებები სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების საქმიანობაში, ასევე - ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული საკითხები და კანონი საერთო სასამართლოების შესახებ.
ოპოზიცია საკუთარი წინადადებებისა და ხედვების გაზიარებას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ ის პუნქტები შეასრულოს, რომელიც 9 დათქმაშია ჩადებული.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პროცესში მონაწილეობა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ, რათა უფრო მეტი რეკომენდაცია შესრულდეს.
"მონაწილეობა უნდა მივიღოთ, რომ უფრო მეტი რეკომენდაცია შესრულდეს. მთავარი საკითხია, როგორი იქნება შერჩევა, კომისია იქნება თუ არა დამოკიდებული, ხელმძღვანელობის შერჩევის პროცესში იქნება თუ არა საზოგადოებისა და ოპოზიციის აზრი გათვალისწინებული და რამდენად მაღალი კვორუმით იქნება შემდეგ მისი დამტკიცება პარლამენტში. ეს არის ის საკითხები, რომელთა დათმობა არ უნდა მმართველ უმრავლესობას, მაგრამ ვნახოთ ახლა, რაღაც შეიძლება დათმონ, რაღაცას არ დათმობენ, მაგრამ არსებითი პრინციპი არის ასეთი, რომ ბერკეტები არ გაუშვან არსად ხელიდან", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, სადაც მმართველი გუნდი მოქალაქეების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, იქ მმართველი გუნდი მარტო არ უნდა დარჩეს.
"ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავის გზა, როგორ მოიქცევა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ცხრა ნაბიჯის შესრულება დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, ხელისუფლება მიიღებს თუ არა ცვლილებებს, ამიტომ ხელისუფლება მარტო არ უნდა დავტოვოთ იმ მოედანზე, რომელშიც ის ჩვენს შესახებ იღებს გადაწყვეტილებებს, მოქალაქეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები რომ მიიღება, ჩვენ შესახებ რომ გადაწყვეტილებები მიიღება, იქ "ქართული ოცნება" არ უნდა დარჩეს მარტო", - განაცხადა თამარ კორძაიამ.