ნიკა გვარამიას განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემაა. კერძოდ, საუბარია გვარამიას განცხადებაზე, რომელიც მან "გირჩთან" ინტერვიუში გააკეთა და სადაც ის "ნაციონალური მოძრაობისდროინდელ" შეცდომებზე საუბრობს.
ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ენმ-ის მმართველობის დროს, ჟანგბადი გადაიკეტა ოპოზიციისთვის, დახურული იყო პარლამენტი, სასამართლო და ტელევიზიები.
ამ განცხადებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ გვარამიას საკუთარ "ნაცობასთან" დაკავშირებით ყოყმანი აზიანებს.
"ნიკა გვარამია, ასოცირდება კი არა, ნაცია, ჩემი აზრით, და მგონია, რომ მას აზიანებს ყოყმანი საკუთარ ნაცობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ როდესაც ციხიდან ახალი გამოსული ხარ და უცბად წარსულზე უარს აცხადებს, რომ ნაცი არ ვარო და გამდის, რომ მთავარ საინფორმაციო საშუალებას ართმევ ნაცებს. მე რომ არ მიმაჩნდეს, რომ ის უბრალოდ ვაჭრობის პროცესში კეზერასთან და მიშასთან, რომ ხმები და ფული მიიღოს, ჩავთვლიდი, რომ ის ქოცებმა გადაიბირეს. ამიტომ, მას აზიანებს ასეთი პოლიტიკა, მას შემდეგ, რაც ვაჭრობის ფარგლებიდან გავა. შეიძლება, სინანულის ნაწილი იყოს, რომ სამოთხე იყოს უზრუნველყოფილი ოდესღაც ადამიანისთვის, მაგრამ მე ხომ არ ვიცი ნიკა გვარამიას თავში რა დევს და რატომ აღიარებს ამას," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვის მისცეს ხმა 2024 წლის არჩევნებზე და ვინ წაიყვანს ქვეყანას ევროკავშირისკენ.
"ყველა შეცდომა თუ გადაცდომა გაანალიზებულია, ყველამ ყველაფერი ვიცით და საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 12 წლის თავზე სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ ვინ არის ამ ქვეყნის უკან დამხევი და ვის აქვს პერსპექტივა, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ წაიყვანოს," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.