პარლამენტი ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად მუშობას განაგრძობს. უკვე ოთხი საათია, საკანონმდებლო ორგანოში რიგით მეორე შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრაში, ”ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, მონაწილეობს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი. ერთადერთი პარტია, რომელიც შეხვედრაზე ისევ არ მივიდა, "ლელოა".
დღეს განიხილება ცვლილებები სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების საქმიანობაში, ასევე - ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული საკითხები და კანონი საერთო სასამართლოების შესახებ.
ოპოზიცია საკუთარი წინადადებებისა და ხედვების გაზიარებას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ ის პუნქტები შეასრულოს, რომელიც 9 დათქმაშია ჩადებული.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები საკითხებთან მიმართებაში მათ ხედვას ეთანხმებიან, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრის დროს საპირისპიროს ამტკიცებენ.
"მოდი, დავარქვათ ამას პოლიტიკური თვალთმაქცობა, როდესაც განხილვის მაგიდასთან თანხმობას აცხადებს საკითხებზე და ეთანხმები უმრავლესობის წარმომადგენლებს, შემდგომ გამოდიხარ და კამერების წინ იტყუები, ეს არის სამწუხარო, თუ ეს იკადრეს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით დაგვეთანხმნენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ჩვენ რომ ვთქვით - გავიზიაროთ სპეციალური ანგარიშების შემუშავებასთან დაკავშირებით, მისაღებია მათთვისაც. დაგვეთანხმნენ, რომ პროცედურების დახვეწა მიზანშეწონილია და შევთანხმდით იმაზე, რომ ქვემდებარეობის საქმესთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს მსჯელობა და ამაზეც დაგვეთანხმნენ. პრაქტიკულად, აბსოლუტურ უმრავლესობა საკითხთან მიმართებაში დაგვეთანხმნენ, რომ სწორად დავსვით საკითხი და ეს რეკომენდაციები შესაძლებელია იყოს გათვალისწინებული. შემდეგ, გამოდიან და ამის საპირისპიროს ამბობენ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.