16 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა არცერთი პრინციპული საკითხი - პაატა მანჯგალაძე

სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების საქმიანობა, ანტიკორუფციული ბიურო და კანონი საერთო სასამართლოების შესახებ- ეს სამი საკითხი იყო განხილვის მთავარი თემა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე.

საკანონმდებლო ორგანო ევროპის ცხრა დათქმის შესრულებაზე მუშაობს. დისკუსია, რომელშიც უმრავლესობასთან ერთად პოზიცია და მესამე სექტორიც მონაწილეობდა, თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა.

პარტიებს ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაზე აქვთ საკუთარი ხედვა და შენიშვნები- არის საკითხები რაზეც მხარეები აცხადებენ, რომ პოზიციები არის თანხვედრაში, რჩება სადავო მიმართულებებიც. სამუშაო პროცესში მონაწილეობს ყველა, "ლელოს" გამოკლებით.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა და დრო დაეთმო მეორეხარისხოვანი საკითხების განხილვას.

"დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა არცერთი პრინციპული საკითხი, რომლის რეფორმასაც ვენეციის კომისია ითხოვს და საქართველოს სჭირდება. ვიხილავთ მეორეხარისხოვან საკითხებს - მაგალითად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საგამოძიებო სამსახურისთვის სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნებაზე. ეს სხდომა ტექნიკური საკითხების განხილვას მიეძღვნა, ჩვენთვის პრინციპული და არსებითი არც ერთი საკითხი არ იყო. ჩვენთვის პრინციპული საკითხია საარჩევნო რეფორმა, ასევე პრინციპულია სასამართლო რეფორმა, საჭიროა იუსტიციის საბჭოში მოხდეს ძალაუფლების დეკონცენტრაცია", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის საბედისწერო პოლიტიკური საკითხების განხილვამდე ჯერ არ მისულან და ჯერჯერობით განიხილება ისეთი საკითხები, სადაც აზრთა სხვადასხვაობა თითქმის არ არის.

"მშვიდად და წყნარად ვმუშაობთ ჯერჯერობით ისეთ მარტივ საკითხებზე, სადაც აზრთა სხვადასხვაობაც არ არის ზოგ საკითხთან დაკავშირებით. არ არის გრანდიოზული, საბედისწერო პოლიტიკური საკითხები, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მივსულვართ. ალბათ, ყველაზე რთული იქნება სასამართლო საკითხი, მართლმსაჯულების საკითხი, მაგრამ ჯერ მანდ არ მივსულვართ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები