"ეს არის ის აღიარება, რომ თვითონ და მიხეილ სააკაშვილი ქმნიდნენ სახელმწიფო მმართველობის კონკრეტულ სისტემას, სადაც არ არსებობდა და არ შეიძლება ეარსება თავისუფალ მედიასა და სასამართლოს," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას.
საუბარია გვარამიას აღიარებაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მძიმე შეცდომებს უშვებდა და რომ, 2012 წლამდე, მაშინდელი ოპოზიციისთვის, სასამართლო სისტემისა და ტელევიზიებისთვის, ჟანგბადი გადაკეტილი იყო.
"ეს არის ის აღიარება, რომ თვითონ და მიხეილ სააკაშვილი ქმნიდნენ სახელმწიფო მმართველობის კონკრეტულ სისტემას, სადაც არ არსებობდა და არ შეიძლება ეარსება თავისუფალ მედიას და სასამართლოს. არანაირი მორალური უფლება არ აქვს ნიკა გვარამიას და იმ ძალადობრივი სისტემის შემოქმედებს ისაუბრონ სასამართლოს და მედიის თავისუფლებაზე.
დაიქვემდებარეს მთლიანად მედია და სასამართლო 2012 წლამდე. არ არსებობდა არცერთი ტელევიზია, რომელიც დამოუკიდებლად არსებობდა, დამოუკიდებლად შეეძლო რაიმე მესიჯის გახმოვანება და საზოგადოებისთვის მიწოდება. აბსოლუტურად ყველა რეიტინგით - როგორც მედია თავისუფლების, ისე სასამართლოს გამჭვირვალობისა და თავისუფლების კუთხით, დღეს საქართველო არის მოწინავე ადგილზე. ამიტომ, ნიკა გვარამიას ტყუილებს საზოგადოება არ იღებს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.