რატომ იყენებს მიხეილ სააკაშვილი ალექსეი ნავალნის სიკვდილს პოლიტიკური მიზნებისთვის? მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ნავალნისგან განსხვავებით, სააკაშვილმა ჯერ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე თქვა უარი, შემდეგ კი საქართველოში უკანონოდ შემოიპარა, თუმცა არეულობის მოწყობის დავალება ვერ შეასრულა და ქვეყნის ძარცვით მოპოვებული ფული, სიკვდილის ქრონიკის ცრუ კამპანიას მოახმარა.
უმრავლესობის წევრები სააკაშვილს ციხეში არსებულ ვითარებასაც ახსენებენ და ამბობენ, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა ციხეში სიკვდილის, წამებისა და გაუპატიურების პრაქტიკა.
„ალექსეი ნავალნი იყო პოლიტპატიმარი და ეს იცოდა მთელმა მსოფლიომ. მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი, რომელსაც აქვს არაერთი უმძიმესი დანაშაული ჩადენილი. მან კონკრეტული ადამიანის, სანდრო გირგვლიანის მკვლელებს დააფარა ხელი და შეიწყალა, მან უმოწყალოდ დაარბია ქართველი ხალხი შეკრებილი მშვიდობიანად, მან მისცა განკარგულება ტელეკომპანია „იმედის“ შტურმის, მან მისცა განკარგულება, რომ პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი ეცემათ, მან გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი.
არავითარი ნავალნი ან მანდელა სააკაშვილისგან არ გამოვა, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა შექმნა კრიმინალური პირამიდა, რომლის სათავეშიც მოექცა თავის ავაზაკებთან ერთად. სრული განზრახვით, ყოველდღიურად ჩადიოდა დანაშაულს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის უდიდესი სხვაობა ნავალნისა და სააკაშვილს შორის.
გაიხსენეთ ნავალნის დაბრუნება მოსკოვში და გაიხსენეთ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში. ნავალნი თვითმფრინავით დაბრუნდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კი შემოიპარა, როგორც ავაზაკი, არაჟნებით სავსე კონტეინერში, მანამდე უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, დაბრუნდა იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება.
ხაზს გავუსვამ ამას, შეადარეთ პირობები პატიმრობის მოხდის - VIP სალონშია გართხმული სარეცელზე და მას ყოველდღე ნახულობს დედა, ვექილი, მეგობარი, და შეხედეთ ნავალნიმ როგორ გაატარა 3 წელი ციხეში.
რაღაცა საზღვარი ხომ აქვს ამ ადამიანების თავხედობას და ამორალურობასაც?“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.