ხაზარაძის დაპირებებს იაფფასიან პოპულიზმად აფასებენ მმართველ გუნდში - მათი თქმით, ეს ყველაფერი გათვლილია ადამიანების გარკვეულ რაოდენობაზე, რათა ყოფილი ბანკირების პარტიამ მომავალ არჩევნებზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს.
უმრავლესობის წევრები მამუკა ხაზარაძის განცხადებას ტყუილიდან გამოძრომის კიდევ ერთ უნიჭო მცდელობას უწოდებენ. მათი განცხადებით საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მყისიერი შეწყვეტა, ჩვენს ეკონომიკას ძალიან დააზიანებს.
„სინამდვილეში ის, რასაც ამბობს, ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას და ეს მან ძალიან კარგად იცის. უბრალოდ, მას უნდა, რომ მოატყუოს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი ასე ადვილად არ ტყუვდება.
როდესაც ევროკავშირი უწესებს სანქციებს რუსეთს და, მიუხედავად ამ სანქციებისა, მაინც ვაჭრობს, რუსეთი აგრძელებს ამ ვაჭრობას იმიტომ, რომ რუსეთისთვის მომგებიანია ევროკავშირთან, რუსეთს აქედან უზარმაზარი ფული შესდის.
საქართველოსთან ვაჭრობის ინტერესი მას პრინციპში არა აქვს, ეს საქართველოსთვის არის უფრო მომგებიანი. ამიტომ, ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესება ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად გაწყვეტას და ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 10%-დან 18%-მდე ვარდნას,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი.