16 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
რა საერთო აქვთ მიხეილ სააკაშვილსა და ალექსეი ნავალნის - თემაზე ოპოზიციაში სხვადასხვაგვარი შეფასებებია

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნის შორის პარალელების გავლებაზე ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ მსგავსებაზე არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, არამედ საერთაშორისო მედია საუბრობს.

"ამას, ვფიქრობ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ აკეთებს. მიხეილ სააკაშვილს ადარებს მთელი საერთაშორისო მედია. რატომ იყო დაპატიმრებული ნავალნი? იმიტომ, რომ ის იბრძოდა დემოკრატიული, თავისუფალი რუსეთისთვის. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში არ წამლავენ, არ სვამენ ციხეში,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"გირჩის" წევრს, იაგო ხვიჩიას კი მსგავსი შედარებები არარელევანტურად მიაჩნია.

"ვერ გეტყვით, რა საერთო აქვთ. მე ცოტა მიჭირს ასეთი მსგავსებების დანახვა და მგონია, რომ ნავალნისთან სიტუაციური შედარება, თუ შეწყალების მიმართულებით მიდიხარ და ვინმეს შეწყალებას სთხოვ, არ არის სწორი მიმართულება, რადგან, როგორც ვიცი, ნავალნის არ მოუთხოვია პუტინისგან შეწყალება. თან, ის ციმბირის ციხეში იჯდა და არა "ვივამედში". ისევ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, მე მოვერიდებოდი ასეთი ტიპის შედარებებს. არ მგონია, ეს შედარებები მთლად ზუსტი და ვინმესთვის სასარგებლო იყოს,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები