ხაზარაძეს პოლიტიკოსებმაც და ეკონომისტებმაც დაუთვალეს, რომ, რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის შემთხვევაში, ქართული ეკონომიკა მინიმუმ 10%-ით იზარალებს. კითხვაზე, თუ რა დააბალანსებს ამ ზარალს, ხაზარაძე პასუხობს, რომ მას რუსეთთან ეკონომიკური კავშირების სრულად გაწყვეტა არ უგულისხმია.
ამგვარი უარყოფის მიუხედავად, "ლელოს" წინასაარჩევნო დაპირებებიდან, "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, სხვა შინაარსის აღქმა შეუძლებელია გარდა ერთისა - რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას ნიშნავს.
არის თუ არა რუსეთთან ეკონომიკური კავშირებისა და სანქციების დაწესების შესახებ გაკეთებული განცხადებები ურთიერთსაწინააღმდეგო - ამ კითხვაზე "ლელოს" წარმომადგენელმა დღეს პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. მან კვლავ პარტიის პროგრამაზე მიგვითითა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე უნდა გავიგოთ, როგორც ამას 9-პუნქტიანი გეგმა გვეუბნება.
რისი თქმა უნდა "ლელოს" ამომრჩევლისთვის და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მათმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განხორციელების შემთხვევაში - კითხვა დღეს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიმამართითაც დაისვა. ნაწილი "ლელოსგან", მინიმუმ, მეტ დასაბუთებას ითხოვს, ნაწილი ფიქრობს, რომ ამ მსჯელობას ისევე, როგორც, ზოგადად, "ლელოს" საქმიანობას, აზრი არ აქვს.
ოპონენტები მმართველი გუნდიდან "ლელოს" შეახსენებენ, რომ ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების საკითხებს ახალი მითითებები არ ჭირდება - ეს ისედაც სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ამასთან, მიდგომა, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს, თუმცა საერთაშორისო სანქციებს სრულად არის მიერთებული, სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებულია.
კრიტიკის ფონზე, "ლელოს" ლიდერების რიტორიკა შეიცვალა თუმცა, ამ ეტაპზე, პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების ნუსხას ცვლილებები არ შეხებია. მათ შორის, ერთ-ერთ საპატიო ადგილს პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა იკავებს.