16 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
ვერ ჩაითვლება იმ რეკომენდაციის შესრულებად, რასაც ჩვენ ევროკავშირი გვიყენებს - თეონა აქუბარდია საარჩევნო კოდექსზე

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მესამე მოსმენით მომავალ კვირას განიხილავს. ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევას ეხება.

ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად პროცესი სამი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე, საჭირო იქნება 90–ი ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კვორუმი ვერ შედგა, შესარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა 76 გახდება და თუ ესეც ვერ მოგროვდა, საკითხი პრეზიდენტს გადაეგზავნება.

სიახლეს აკრიტიკებს ოპოზიცია და ამბობს, რომ ცვლილებები ცესკოს ფუნქციებს ვერ გააუმჯობესებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, აღნიშნული საკითხი ვერ ჩაითვლება იმ რეკომენდაციის შესრულებად, რასაც ევროკავშირი ქვეყანას უყენებს.

"ქართულმა ოცნებამ" უამრავჯერ შეცვალა საარჩევნო კოდექსი. მოცემულობა, როდესაც ერთი პარტია წარადგენს კანდიდატს და შემდეგ ერთი პარტია ირჩევს, ბუნებრივია, ეს ვერ ჩაითვლება იმ რეკომენდაციის შესრულებად, რასაც ჩვენ ევროკავშირი გვიყენებს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარტია "გირჩის" ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ამ კანონპროექტით არაფერი იცვლება.

"რედაქციული ცვლილებებია და არაფერი ახალი არ შევა იმის გარდა, რაც უკვე შესულია. ვნახოთ, როგორ აისახება ეს უშუალოდ არჩევნებზე, მაგრამ არა მგონია პრინციპული ცვლილება მოხდეს. ისედაც, დიდად კარგი არ იყო და არც ეს არის კარგი. არც ევროპელები ჩაგვითვლიან ცვლილებას, როგორც გაუმჯობესებად , არც ჩვენ მივიღებთ რამე განსაკუთრებულს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები