16 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ვინ რას ჰპირდება ამომრჩეველს და როგორ აფასებენ უმრავლესობაში ოპოზიციური პარტიების მიერ უკვე გაცემულ დაპირებებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნებისთვის მზადება არჩევნებამდე რვა თვით და კიდევ უფრო ადრე დაიწყეს. ხაბეიშვილი-ვაშაძის პოლიტიკური დუეტი ის გამონაკლისია, რომელიც ყველაზე ადრე და ყველაზე მეტ დაპირებას გასცემს, თუმცა მათი ილუზიები რომ რეალობას დღითიდღე შორდება, ამას კოლეგა ოპოზიციონერებიც კი აღარ მალავენ. დეოკუპაციის რეცეპტი ქარხნით- განსაკუთრებული განცვიფრება, ბოლო დაპირებამ გამოიწვია.

"საოკუპაციო ზოლთან ერთი კარგი "მერსედესის" ქარხანა რომ ავაშენოთ, მერწმუნეთ, დეოკუპაციას მალე მოვახდენთ"- თქვა გიორგი ვაშაძემ, თუმცა არ განმარტა როდის და როგორ. კითხვა დავსვით პასუხად კი მივიღეთ, რომ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, დასრულების შემდეგ კი ვადებს ფურცლებზე ამოვიკითხავთ.

სანამ "ნაციონალური" სტრატეგია იწერება და იხვეწება, იდეაზე სხვები საუბრობენ. "გირჩში" ამ დაპირების მიღმა, ამომრჩევლის შეურაცხყოფა ამოიკითხეს.

საარჩევნო გზაზე ზოგს "ფორდ მუსტანგი" უფუჭდება, ზოგს "მერსედესს" უწუნებენ, თუმცა თავად ავტომობილების გარდა, მატარებლებზეც საუბრობენ და თვითმფრინავებზეც.

"ჩვენი დაპირებაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ექნება ახალი სწრაფი რკინიგზა, რომელიც თბილისს, სოხუმსა და ბრიუსელს დააკავშირებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თბილისი-სოხუმი-ბრიუსელი – ეს პირობა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიდო. როდის დაიწყება და დასრულდება, არც მაშინ ითქვა. კითხვა ამ საკითხზეც ჩვენ დავსვით, თუმცა შენიშვნა არასერიოზულობაზე რატომღაც ჩვენვე მივიღეთ.

პირველ გასვლას მატარებელი გაასწრებს თუ თვითმფრინავი აასწრებს, ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ოზურგეთის ერთ პატარა სოფელში, ხაბეიშვილი ერთ დიდ აეროპორტს ააშენებს.

"ახლა ვიმყოფებით მერიაში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია", გამარჯვებისთანავე ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში", - განაცხადა ხაბეიშვილმა. აქვე და მოგვიანებით განმარტა ისიც, რომ აეროპორტის მშენებლობა დემოგრაფიაზე პირდაპირ პროპორციულად აისახება.

ლევან ხაბეიშვილი ბევრ პირობას დებს, თუმცა არქივს ისიც ახსოვს, რომ სიტყვები ხშირად და თითქმის ყოველთვის, ჰაერს გაატანა. მაგალითად მაშინ, სააკაშვილის ფიზიკურად გამოხსნის პირობა რომ დადო. პირობების ჩამონათვალში ბუნებრივი ძალების პირად კონტროლზე აყვანაც კი მოხვდა - ეს გურჯაანში.

იჩქარეს "ლელოშიც". ყოფილი ბანკირების პარტიაში ჯერ არითმეტიკა, შემდეგ კი სიტყვებიც აერიათ. ზუსტ მეცნიერებას, რომელიც დედუქციურ მსჯელობასა და სიმბოლურ ლოგიკას ეფუძნება, ხაზარაძის პარტიამ მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა დაუტოვა. ეს მაშინ, როცა თქვეს, რომ პენსიას 1000 ლარამდე გაზრდიდნენ.

"ლელოს" მათემატიკური ქრონოლოგია აქ არ სრულდება. ერთიანის შემდეგ,
თავი ბევრმა ნულმა მოიყარა, დაპირებაც არარეალურად შეფასდა და როცა ვერ თქვეს, როგორ და რის ხარჯზე იზრდება პენსია ასეულიდან ათასეულამდე, სიტყვაც გადათქვეს და დაპირებაში შესწორებებიც შეიტანეს.

ოპოზიციის გათვლებიც და დათვლებიც მმართველი გუნდისთვის რეალობას აცდენილია. "ქართული ოცნება" ოპოზიციის ნაწილს ურჩევს, პატივი საკუთარ ამომრჩეველს მაინც სცეს და სიმართლე უთხრას.

"ეს ნაცები სულ მთლად გამოლელოევდნენ, "ლელო" თარგმანშია და ციფრებშია დაკარგული. ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტად მოატყუებს ამომრჩეველს. თქვენებსაც არ სჯერათ კაცო, ერთმანეთი ამხილა ოპოზიციამ ტყუილში და ცრუ არითმეტიკაში. წადით, დაჯექით და გამრავლების ტაბულა ისწავლეთ და მერე ვისაუბროთ ეკონომიკურ განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სკოლის გახსნა მართლაც დაანონსებულია. აქ გამრავლების ტაბულას არა, თუმცა მხარდამჭერებს ხმების დაცვას ასწავლიან. გამარჯვების კოალიციას კიდევ 8 თვე აქვს, რომ უშრეტ ფანტაზიას უსაზღვრო გასაქანი მისცეს. ფაქტი ერთია - მითებით თუ რეალობით, პარტიების ჯამი საკუთარ გზას უკვე დაადგა.

ავტორი: იზი ბურნაძე, რეზი ქირია

დღის ამბები