ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები ორგანიზაციის პოლიტიკურ დედაქალაქში იკრიბებიან. ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი თემა უკრაინის დახმარება იქნება.
ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას რუსი ოპოზიციონერის მეუღლეც დაესწრება. პოზიცია ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უკვე დააფიქსირეს ევროკავშირმა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამო და, რა თქმა უნდა, მთავარ საკითხად რჩება იქ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, ისევე როგორც დახმარების გზების გახსნა. იქ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ძლიერ გავლენას ახდენს ეგვიპტეზე და რეგიონის სხვა ქვეყნებზე. ჩვენ ასევე ერთობლივად გამოვხატავთ სამძიმარს და შეშფოთებას ნავალნის გარდაცვალების შესახებ.
რაც შეეხება უკრაინას, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ უკრაინის დახმარების მექანიზმზე შეთანხმების სწრაფად მიღწევის აუცილებლობას. უკრაინის მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანი თემაა," - განაცხადა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან გრილიჩ რადმანიმ.