"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, შინაური ცხოველების შესახებ ახალი კანონი იმ ხალხზეა გათვლილი, რომელსაც ძაღლი არ "ევასება".
მისი თქმით, კანონი ასეთი ხალხის გულის მოსაგებად არის შექმნილი.
"კანონი მიღებულია არა იმ ხალხის გულის მოსაგებად, ვისაც ძაღლი უყვარს, არამედ იმ ხალხისთვის, რომელსაც ძაღლი არ "ევასება" და ქუჩაში დასდევს. რომ დაინახავენ ძაღლს, რეკავენ მერიაში, ძაღლი მოგვაშორეთო. ასეთი ხალხის გულის მოსაგებად არის ეს კანონი მისაღები,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კვების ობიექტებისა და კლინიკების გარდა, ცხოველთან ერთად შესვლა პრობლემა არ უნდა იყოს.
"ევთანაზიაზე, როგორც მოვიკითხე, სავალდებულო არ არის და, პრინციპში, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო უბრალოდ ბევრი ადამიანის აღელვება. რაც შეეხება ზოგად ნაწილს, თავშეყრის ადგილს, კვების ობიექტებსა და კლინიკებში შესაძლებელია, რომ ცხოველების შესვლა იყოს პრობლემა, მაგრამ რაც შეეხება სხვა ადგილებს, ეს არ უნდა იყოს პრობლემა," - აღნიშნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ.