პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, შინაური ცხოველების შესახებ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, ზოგიერთი მავნებელი არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს.
მისი თქმით, ვინც ამას აკეთებს, საზოგადოებისთვის ძალიან საშიშია და ფაქტი ძალიან საგანგაშოა.
"[დოკუმენტში] წერია, რომ იქ, სადაც არის საჯარო ინტერესი, რომ უსაფრთხო გარემო იყოს, ეს არის დაცული და, მეორე მხრივ, მათ შორის, შინაური ცხოველების ინტერესებიც არის დაცული. ზოგიერთი მავნებელი აკეთებს ასეთ ინტერპრეტაციას: ყველა ცხოველი, ვინც გარეთ დარჩება, ევთანაზიას დაექვემდებარება - ეს სიცრუეა, ტყუილია. ვინც ამას აკეთებს, ეს არის ძალიან საგანგაშო და საშიში საზოგადოებისთვის. ასეთი რამ იქ არ წერია. იქ არის საუბარი იმაზე და მოქმედი კანონმდებლობითაც ასეა, რომ თუ არის ცოფის საფრთხე, ის, ბუნებრივია, დაძინებული იქნება და აქამდეც ასე იყო. კიდევ იყო, რომ თურმე, მგზავრობის დროს არ შეიძლება გადაყვანა - ესეც ტყუილია. დაზუსტდა, რომ ხელში აყვანით იქნება ან სპეციალური კონტეინერით, გადაყვანა შესაძლებელია. კიდევ ბევრი სისულელე იყო და ამას ავრცელებენ სწორედ ისინი, ვისაც აქვს ბიზნესი ამაში, კერძო ბიზნესში არიან ჩართულები, ამრავლებენ და, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდიათ, უპატრონოდ დაგდებული ძაღლები რა პრობლემებს შეუქმნიან საზოგადოებას,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.