სუსტი მენეჯმენტი, გაურკვეველი ურთიერთობა ინვესტორებთან, ბიზნესპირობების ცვალებადობა, საკრედიტო მონაცემების გაუარესება, არაუზრუნველყოფილი ვალი და ობლიგაციების რეფინანსირება - ამ კონკრეტული არგუმენტებით ახსნა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "სქოუფმა" "ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის" რეიტინგის შემცირება. "სქოუფ რეითინგსი" ერთადერთი ევროპული სარეიტინგო სააგენტოა, რომლის შეფასებასაც ევროპის ცენტრალური ბანკი ითვალისწინებს.
ორგანიზაცია რისკების ანალიზს კლიენტების მოსაზრებებზე დაყრდნობით ადგენს. "ლისი დეველოპმენტში", სადაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ხაზარაძე-ჯაფარაძის ოჯახის წარმომადგენლები არიან ამბობენ, რომ საკრედიტო რეიტინგის შეფასებას თავად უზრუნველყოფენ, "ლელოს" დამფუძნებელი კი ავტორიტეტული სააგენტოს დასკვნას მიზანმიმართულ დისკრედიტაციულ კამპანიას უკავშირებს.
"ლელოს" ლიდერების ბიზნეს და პოლიტიკურ არაკეთილსინდისიერებაზე საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმიანობას განაჩენი სასამართლომ გამოუტანა და 17 მილიონის თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო.
კრედიტორების დაზიანება და საქმიანი პარტნიორების შეცდომაში შეგნებულად შეყვანა მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვისაც. "გირჩში" "ლელოს" ლიდერებს დღეს მათემატიკის ცოდნაც დაუწუნეს.
ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსურ მაქინაციებზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ "ლელოს" ლიდერებს საზოგადოების ბედი არც კერძო სექტორში ყოფნის დროს აინტერესებდათ და არც ახლა, პოლიტიკაში.
"სქოუფ რეითინგსი" ერთადერთი ორგანიზაცია არ არის, რომელიც "ლისი ლეიქ დეველოპმენტის" გაუმჭვირვალე მენეჯმენტზე და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება უმსხვილესი აუდიტორული კომპანია "გალტ ენდ ტაგარტის" დასკვნაც, რომლის საფუძველზეც გაირკვა, რომ კომპანიის მარაგები, საოპერაციო მოგება, ერთჯერადი დანახარჯები - თითქმის 60%-ით აღემატებოდა რეალურ ნიშნულს. კომპანიამ, გაყიდვამდე, ხელოვნურად გაზარდა ფასიანი ქაღალდების ღირებულება, რამაც ობლიგაციების ფასიც გაზარდა და მეანაბრეები დააზარალა.