მაია ბითაძემ დღეს კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ევთანაზია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცოფიანი ძაღლის დასაძინებლად, გამოიყენება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კანონპროექტის ავტორმა განმარტება გააკეთა, შინაური ცხოველების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეყვანას ეხება. ბითაძის განმარტებით, ბაღებში, სკოლებსა თუ სტადიონებზე, ძაღლის შეყვანა ალიკაპით და მოკლე საბელით შესაძლებელია... მცირე დეკორატიული ძაღლების შემთხვევაში კი, მეპატრონეს შეუძლია, ის სპეციალური ჩანთით გადაიყვანოს. კანონპროექტის ავტორმა თქვა ისიც, რომ მრავალბინიან კორპუსებში 3-ზე მეტი ძაღლის ან კატის ყოლა არ იზღუდება, თუ მეპატრონე მას ქუჩიდან ან თავშესაფრიდან წამოიყვანს და, ამ შემთხვევაში, მეზობლების თანხმობა არ ჭირდება.
კანონპროექტზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ცვლილებების მიზანი ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარება და მეპატრონეებისთვის ვალდებულებების დაწესებაა. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დღეს დოკუმენტის ცალკეული მუხლებიც განმარტეს.
ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი, რომელიც კანონპროექტს უკვე გაეცნო, ცვლილებებს ნაწილობრივ ეთანხმება. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები მიუსაფარი ცხოველების პრობლემას ვერ მოაგვარებს.
მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი კანონის მიღებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ცვლილებები მხოლოდ უსაფრთხო გარემოს შექმნასა და შინაური ცხოველების დაცვაზეა ორიენტირებული.
საკომიტეტო განხილვები პარლამენტში თვის ბოლოს დაიწყება. კანონპროექტის მიღება კი საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, ცვლილებები ძალაში ეტაპობრივად შევა.