16 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
ძველი ლობისტური ხაზები ისევ ამოქმედებულია - კიდევ ერთი მცდელობაა, აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რათა სააკაშვილი შეიწყალოს - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ გრძელდება ძველი ლობისტური კამპანია და ეს არის გარკვეული ძალების კიდევ ერთი მცდელობა, ზეწოლა განახორციელონ სალომე ზურაბიშვილზე, რომ მან ექსპრეზიდენტი შეიწყალოს.

ნიკოლოზ სამხარაძე ამ განცხადებით ეხმაურება ფრანგი ევროპარლამენტარის - ნატალი ლუაზუს წერილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და ასევე, რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე.

სამხარაძის თქმით, პრეზიდენტი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, მთავრობის დაუკითხავად, კიდევ ერთხელ გაემგზავრა, აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ უნდა შეიწყალოს სააკაშვილი.

"პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ, მთავრობის დაუკითხავად გაემგზავრა კონფერენციაზე, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას ერთ-ერთ პანელზე მიუთითეს, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი.

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ. ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი, თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რათა ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება და ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის გარდაცვალების ფაქტს. სურთ, რომ ამაში პარალელები გაავლონ. ანუ, ისევ ამოქმედებულია ის ძველი ლობისტური ხაზები და კიდევ ერთი მცდელობაა, აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რათა მან შეიწყალოს სააკაშვილი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზუ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს მიმართავს და პარალელს ნავალნისთან ავლებს. ის წერს, რომ, ალექსეი ნავალნის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, "უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმ პოლიტიკური ოპონენტების ბედს, რომლებიც საშინელ მდგომარეობაში არიან ციხეებში".

ევროპარლამენტარის მოსაზრებით, საქართველოს პატიმრობაში ჰყავს ადამიანი, რომელიც "ხელმძღვანელობდა ქვეყნის დემოკრატიზაციას, იბრძოდა ადამიანის უფლებებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის". ფრანგი დეპუტატი ევროპარლამენტის წინა რეზოლუციის ინიციატორიც იყო, რომელიც სააკაშვილის შესახებ მიიღეს.

 

დღის ამბები