16 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
მიიღეთ გადაწყვეტილება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - წითლიძე ზურაბიშვილს

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ანა წითლიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს.

წითლიძე ეხმაურება რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე.

"ნავალნის სიკვდილის ფონზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ციხეში გვყავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც ნავალნიმ, სააკაშვილმაც ძალიან კარგად იცოდა, სად ჩამოდიოდა და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დამდგარიყო. მოდერნიზაციის სიმბოლო - ასე უწოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სააკაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე და საქართველოს პრეზიდენტს უთხრა, ყველას, ვისაც კარგი უნდა საქართველოსთვის, წვლილი უნდა შეიტანოს იმაში, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. მე მინდა, მივმართო სალომე ზურაბიშვილს, მიიღეთ გადაწყვეტილება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი," - აცხადებს ანა წითლიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.

"როგორ შეიძლება დღის წესრიგში არ იდგეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მით უმეტეს, ნავალნის გარდაცვალების შემდეგ. ამას მთელი მსოფლიო ლიდერები აკავშირებენ და როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასვა ეს საკითხი, არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს დაუსვა ეს კითხვა, არამედ დაუსვა საქართველოს და ჯერჯერობით მმართველობაში არსებულ ძალას. უმნიშვნელოვანეს საკითხია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს საპატიმრო დაწესებულებიდან, რაც შეიძლება სწრაფად," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

დღის ამბები