16 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლება ამორალური უპასუხისმგებლობაა - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ალექსეი ნავალნის შორის რაიმე პარალელის გავლება "ამორალური უპასუხისმგებლობაა".

ამ განცხადებით, ის ეხმაურება ფრანგი ევროპარლამენტარის - ნატალი ლუაზუს წერილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და ასევე, რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე.

"პარალელის გავლება ნავალნისა და სააკაშვილს შორის, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ამორალური უპასუხისმგებლობაა. ნავალნი რუსეთში დაბრუნდა საჯაროდ, ღიად ჩაფრინდა მოსკოვში, მაშინ როდესაც სააკაშვილის საქართველოში შემოიპარა არაჟნებით სავსე კონტეინერით, ქურდულად, მალულად. მისი მიზანი მხოლოდ ქვეყნის არევა იყო.

ნავალნი ნამდვილად ღირსეულად იხდიდა სასჯელს, მაშინ, როდესაც სააკაშვილისგან ვხედავდით ხან გასტრონომიულ ფალსიფიკაციას, ხან - სიმულაციას. ასევე, მისი ოჯახის მხრიდან მილიონობით დოლარის გადახდას საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის. ერთი ნამდვილად იყო პოლიტპატიმარი, მეორე ნამდვილად არის კრიმინალი, რომელმაც საქართველოს შიგნით გაამწარა ათასობით ოჯახი. ყველაზე მძიმე რაც უნდა იყოს, ნავალნის არც მაშინ დაუთმია რუსეთის მოქალაქეობა, როცა რუსეთიდან წავიდა და არც მაშინ, როცა ბრუნდებოდა. სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის საქართველოს პასპორტი გაცვალა სხვა ქვეყნის გუბერნატორის სკამზე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ პარალელის გავლებით ვინმეს გული აუჩუყდება ან შეცდომაში შევა, ძალიან ცდება. პირიქით, "ნაციონალურ მოძრაობას" "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველიც კი უარს ეუბნება. ეს შედეგი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მწარე იქნება მათთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები