"რა არ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას - მაჩანჩალობიდან დაწყებული, შავი ხვრელით დამთავრებული. ოპოზიციის უდიდეს ნაწილს არც ხალხის ხმა ესმის და არც ქვეყნის გულის ცემა," - ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა საკუთარ ქვეყანას არაერთი ტყუილი დააბრალა.
"რა არ სცადეს, საქართველოს ბელორუსიზაციის მცდელობებით დაწყებული, სააკაშვილის ნავალნიზაციის მცდელობებით დამთავრებული. რა არ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას - მაჩანჩალობიდან დაწყებული, შავი ხვრელით დამთავრებული. ოპოზიციის უდიდეს ნაწილს არც ხალხის ხმა ესმის და არც - ქვეყნის გულის ცემა. მცდარი დიაგნოზებით კი, იქცნენ შეზღუდული პოლიტიკური შესაძლებლობების გაერთიანებად, შეუზღუდავი მადით და ამბიციებით, რომელსაც ერთადერთი რამ ამოძრავებს - იმსახურონ საქართველოს წინააღმდეგ. დღეს, ერთადერთი როლი მოირგეს, განახლებული არტისტიზმით შეასრულონ "თავისუფლება მიშას" სერიალის მომდევნო სერია და დღევანდელი მათი გამოსვლების სწორედ ამის დასტურია," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.