13 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
მიუხედავად კრიტიკისა, შიდა ბრძოლისა, გარედან მანიპულაციებისა, საბოლოო ჯამში შევძელით, რომ ასე ახლოს ვყოფილიყავით ევროპულ სტრუქტურებთან და იმ მიზანთან, რასაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია​ - მამუკა მდინარაძე

ძლიერი და პოზიტიური გზავნილები საქართველოდან, ისევე, როგორც ძლიერი და პოზიტიური გზავნილები ევროპიდან - ეს ერთი-ორად სასიხარულოა, რადგან ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობასთან არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც დღეს - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დღევანდელი სამმხრივი ბრიფინგი ამის ნათელი დადასტურებაა.

"ჩვენ შევძელით ამ წლების განმავლობაში მიუხედავად კრიტიკისა, შიდა ბრძოლისა, გარედან მანიპულაციებისა, საბოლოო ჯამში შევძელით, რომ ასე ახლოს ვყოფილიყავით ევროპულ სტრუქტურებთან და იმ მიზანთან, რასაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია.

ირაკლი კობახიძის გამოსვლა იყო მათ შორის სავსე მესიჯებით, სხვა კონკრეტულ ასპექტებთან ერთად, რომელთა მიხედვითაც საქართველო შეინარჩუნებს გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის განვითარება, წინსვლა, დეოკუპაცია, რაც ეროვნული ამოცანა და მიზანია, დეოკუპაცია, რომელიც ამ მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გარეშე წარმოუდგენელია და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად არის მხოლოდ შესაძლებელი და მისგან დამოუკიდებლად წარმოუდგენელია იყოს.

ჩვენ როდესაც ვამბობთ და როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები ერთობლივად შეეხება ამ მთავარ მესიჯებს - მშვიდობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, დეოკუპაცია და ევროკავშირის წევრობა - ეს მესიჯები განიხილება მხოლოდ ერთობლიობაში და არ განიხილება ერთმანეთის ხარჯზე, რომელიმეს გამორიცხვით ან რომელიმეს დათმობით. არასოდეს საქართველო არ დათმობს არც თავის ტერიტორიას, არც ევროპული ოჯახის წევრობის პერსპექტივას, არც მშვიდობას და განვითარებას და არც ეკონომიკურ წინსვლას. საქართველო მაშინ იქნება წარმატებული და მაშინ მართლაც ახდება ქართული ოცნება, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ერთად მივაღწევთ. ამ ყველაფერში ხელს გვიწყობს და პოზიტიური გზავნილი ერთიორად სასიხარულოა როდესაც ვამბობთ, როდესაც ჩვენი ევროპელი მეგობრები - უმაღლესი წარმომადგენელი ბატონი ბორელი და სხვა ლიდერები ევროკავშირისა, ევროპისა, ამბობენ რომ საქართველო არის ახლოს ამ მიზნებთან, მან უნდა შეასრულოს კონკრეტული რეკომენდაციები. ჩვენ ყოველ დღე წინ ვდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და პრინციპულად, ღირსების, ეროვნული საკითხების დაცვით წინ მივიწევთ ევროპისაკენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები