"მონური დამოკიდებულება არც არავის მოუთხოვია ჩვენთვის და არც არავინ აპირებს თავისით ამის გაკეთებას, რომ ასე იმსჯელოს, როგორც ჩვენი ნაცი ოპონენტები მსჯელობენ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, ღირსებით ევროპისკენ- არის სწორი დამოკიდებულება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა, რომელთა თქმით, ჟოზეფ ბორელი არ იყო კრიტიკული საქართველოს და ახალი პრემიერ-მინისტრის მიმართ.
"მათი [ოპოზიციის] პირველივე სიტყვები იყო თავის მართლება, რატომ არ გააკრიტიკეს საქართველო და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეცნობიერი ამაზე მეტად ჩვენს ოპოზიციას ვერ გაყიდის, მაგრამ მიუხედავად მათი მცდელობებისა საქართველო წავა წინ ევროპისაკენ, დეოკუპაციისაკენ, განვითარებისაკენ, მშვიდობის გზაზე ივლის და ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი. ამიტომ, ეს ყველაფერი კრიტიკას არ იმსახურებს.“-აღნიშნა მდინარაძემ.
"მეგობრული დამოკიდებულებით ვამბობ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ადამიანები ევროკავშირშიც კი, როდესაც მათ სხვაგვარი კომენტარის გაკეთება უწევთ იმაზე, რაც ჩვენ საკუთარი ყურით მოვუსმინეთ, მაგალითად ის, რომ დანილოვმა მართლაც მოუწოდა საქართველოს მეორე ფრონტისაკენ და ამის საწინააღმდეგოს მტკიცება, მათი ცუდი მესიჯების გამოსწორება რომ უწევთ ევროპაში, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ აქაც, ირაკლი კობახიძის ძალიან მკაფიო პასუხი იყო, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ჰუმანიტარული დახმარება მათ მიმართ გაწეული, მეგობრობის ხელს ვუწევთ, ოთხასზე მეტი დოკუმენტით დავუჭირეთ მხარი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინას. უპრეცედენტო პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვიჩინეთ. მათ შორის, უპრეცედენტო იყო პოლიტიკური მხარდაჭერა ოკუპაციის ქვეშ მყოფი ტერიტორიების პატრონი ქვეყნის, როდესაც ჩვენ ჰააგის სასამართლოშიც თანაინიციატორებად დავდექით რუსეთის წინააღმდეგ. ეს ხომ გარკვეული ე.წ. რისკი იყო, მაგრამ ამაზეც არ დავიხიეთ უკან.
ამ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების პირობებში, როდესაც ვიღაც ჟურნალისტი ამბობს, რომ სანქციებს რატომ არ უწესებთ რუსეთს-ეს კითხვა სწორად უნდა გავიგოთ. ეს ნიშნავს, რატომ არ ანგრევთ ქვეყნის ეკონომიკას. ჩვენ ქვეყნის ეკონომიკას არ დავანგრევთ.
ჩვენ, თუკი რაიმე მოქმედებით დავეხმარებით უკრაინას ამას გავაკეთებთ, მაგრამ თუკი ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით უკრაინას, ვერაფრით დავაზიანებთ რუსეთს, მის ეკონომიკას ამ სანქციებით ვერ დავაზიანებთ, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ეკონომიკას გავანადგურებთ, ამაზე რა თქმა უნდა არ წავალთ იმიტომ, რომ ის ოთხი პუნქტი, რომელიც ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა: მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ევროინტეგრაცია, დეოკუპაცია, რაც ყველაზე მთავარია, ამ თემებზე საუბრის დროს მათ შორის, ეკონომიკურ წინსვლას ახსენებდა და არ დაგვავიწყდეს, რომ ბარტონი ვარჰეის და ბატონი ბორელის მესიჯებშიც სწორედ ეს გახმოვანდა. როცა ინვესტიციებზე ხაზგასმით იყო საუბარი, ეს არ იყო შემთხვევითი. ჩვენ ამ მიმართულებითაც უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისათვის. ეკონომიკურად იმდაგვარად უნდა გავძლიერდეთ, რომ მზად ვიყოთ ამ კუთხითაც. არა მხოლოდ რეფორმების და უფლებების დაცვის ნაწილით, არამედ ეკონომიკურადაც მზად უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრობისათვის.“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.