საქართველოს ამბიციური სვლა ევროკავშირისკენ და ირაკლი კობახიძის პირველი, საეტაპო ვიზიტი ბრიუსელში.
ქვეყნის ახალი პრემიერის პირველ ვიზიტს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში იმის დასტურად იღებენ, რომ ევროპა ქართველი ხალხის უცვლელი არჩევანია. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-8 სხდომის შემდეგ თბილისმა 3 მთავარი გზავნილი მოისმინა.
საქართველო აბსოლუტურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და არის სანდო მოკავშირე ევროკავშირისთვის - ასეთი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილი ბრიუსელიდან. ის ბელგიაში ამბიციურ გეგმებზე სასაუბროდ ჩავიდა და დარწმუნებულიცაა, რომ საქართველოს ძალისხმევა თავის შედეგს გამოიღებს - ქვეყანა მალე გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამისათვის პრემიერ-მინისტრი შიდა ძალისხმევის გარდა, ევროკომისიასთან მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნებას მიიჩნევს აუცილებლად, რათა საერთო დღის წესრიგი შემუშავდეს.
კანდიდატის სტატუსით ხელში, თბილისი ასოცირების საბჭოს პირველად ესწრებოდა. ქართულმა დელეგაციამ ბოლო დროის მთავარ მიღწევებზე სიღრმისეული ანგარიში ევროპელებს სწორედ იქ წარუდგინა. მსმენელებს შორის იყო გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც, რომლისთვისაც სტატუსის მიღებიდან 2 თვის მანძილზე გადადგმული ნაბიჯები შთამბეჭდავია. სწორედ მან გაამახვილა ყურადღება საქართველოსთვის გაცემული 9 რეკომენდაციის შესრულების ტემპებზე. თუმცა, გარდა პოლიტიკური სტაბილურობისა და დემოკრატიის გაძლიერებისა, ევროკავშირს საქართველოსთან ეკონომიკური და ენერგეტიკული თავსებადობა აინტერესებს. სწორედ ამიტომ იყო აქტუალური შავი ზღვის პროექტები. კავშირგაბმულობის მხრივ ახალი მიმართულებებიც გახდა ცნობილი.
საერთო მიზნისთვის გაძლიერებული პასუხისმგებლობითა და ყველას ჩართულობით მუშაობის აუცილებლობაზე საუბრები, პირისპირ ფორმატშიც შედგა. ჟოზეფ ბორელსა და ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა, საბოლოოდ თბილისში თვლიან, რომ ოპტიმიზმის საფუძველი საკმარისად აქვთ იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში დაანონსებული გაწევრიანების მორიგ ტალღაში გამორჩეულად კარგი შედეგებით მოხვდება. ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე მტკიცე გზავნილები ისმის თავად ევროკავშირიდან, თუმცა დამსახურებაზე მორგებული მიდგომები არსად წასულა.
საქმიანი ვიზიტის ფარგლებში უკვე დღის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოსთვის დეკემბერში გაწერილ 9 დათქმაზე, ქვეყნის ევროპულ მომავალზე და ევროპის მიდგომებზე მსჯელობა აქაც დახურულ ფორმატში წარიმართა. თავად პრემიერმა შეხვედრა დადებითად შეაფასა და მას მეგობრული უწოდა.